საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
2018-09-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო, ისევე, როგორც სომხეთი, წელს მნიშვნელოვან თარიღს - პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობს. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ სარქისიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე - 21 სექტემბერი წინასწარ მიულოცა. გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე მონაწილეობდნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|