საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს 69 საჯარო სკოლა უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

2018-09-06

საქართველოს 69 საჯარო სკოლა, რომელთაგან 50 რეგიონებში მდებარეობს, უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი, - აღნიშნული ინიციატივა მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, ვინაიდან ინტერნეტიზაცია და გაციფრულება, სამთავრობო პროგრამისა და განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილია.

„სასწავლო პროცესში უკაბელო ინტერნეტზე წვდომა, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სწორედ გაციფრულება და ინტერნეტიზაცია იქნება ჩვენი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც რაც შეიძლება ჩქარი ტემპებით უნდა დავასრულოთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური