საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძე - ევროპული სკოლა არის პროექტი მომავალი თაობისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, დემოკრატიული წინსვლისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის

2018-09-04

  2

"აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა" - ეს არის სიახლე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროპული სკოლის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ევროკავშირის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

„მივესალმები ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც გვამხნევებენ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალგაზრდების ინტერესი არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი  ისევე, როგორც - მთლიანად  განათლების სისტემის რეფორმის განხორციელება. დღევანდელი პროექტი კი - ამ რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახლავთ," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.   

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მიაპყრო დემოკრატიის განვითარებისა და სტაბილურობის  გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს პროექტის განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

„მინდა აღვნიშნო, რომ  ევროპული სკოლის დაარსების თემა ასახულია აღმოსავლეთ პარტნიორობის დოკუმენტში - „20 ძირითადი მიზანი 2020 წლისათვის".  საკითხი გაწერილია ჩვენს  სამთავრობო პროგრამაშიც:  2020 წლისთვის ჩვენ 20 კონკრეტული შედეგი უნდა გვქონდეს; დღევანდელი პროექტი გახლავთ სწორედ ამ 20 შედეგიდან ერთ-ერთი, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული სკოლა არის პროექტი მომავალი თაობისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, დემოკრატიული წინსვლისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის.

 „ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპული ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და, რა თქმა უნდა, განათლების სექტორს აქ უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. დღეს ეს სკოლა კარს გაუღებს 30 მოსწავლეს, რომლებიც ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან კონკურსით შეირჩნენ. მინდა სკოლაში ჩარიცხვა მივულოცო ახალგაზრდებს, რომლებიც აქ ქართველებთან  ერთად ისწავლიან. ესენი გახლავთ სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, უკრაინელი და მოლდოველი ახალგაზრდები. ინოვაციური, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროგრამების საშუალებით ისინი მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს. ეს არის პროექტი, რომელიც, აკადემიური განათლების მიღებასთან ერთად, დიდ წვლილს შეიტანს მულტიკულტურულ ურთიერთობებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა ისტორიულად იყო საქართველოს სიძლიერე და ეს პროექტი აგრძელებს ღირსეულ ტრადიციას.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სათანადოდ ფუნქციონირებისათვის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან ერთად, გრძელდება მუშაობა სკოლის გრძელვადიან მოდელზე, რომელიც ევროკომისიის თანადაფინანსებით განხორციელდება.  როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დაგეგმილია ევროპული სკოლისა და საერთო საცხოვრებლის აშენება, მანამდე კი მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით.

„მისასალმებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის პროექტი, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც დღეიდან თბილისში, ევროპულ სკოლაში ისწავლიან. მომავალი წლის ზაფხულში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკისთვის უკვე მზად იქნება მთლიანად რეაბილიტირებული ობიექტი. ფართომასშტაბიანი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ცხვარიჭამიაში. ბანაკისა და მშენებლობის პროექტი ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება, დიდი სტიმულია შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში,  იოჰანეს ჰანმა. ევროკომისარმა ხაზგასმით ისაუბრა იდეის განხორციელების საკითხში საქართველოს მთავრობის ღვაწლის შესახებ.  

„შემთხვევითი არ არის, რომ სკოლა თბილისში გავხსენით, რადგან საქართველოს მთავრობამ ძალიან ოპერატიულად მოახდინა რეაგირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" თბილისში დაარსების იდეაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ესაა კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველომ საკუთარი ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება მოახდინა, თავისი დამოკიდებულება გამოხატა ევროპული იდეის მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ დაადასტურა თავისი პოზიცია,  იყოს ევროკავშირის ოჯახის ცენტრში და ჩვენ ვაგრძელებთ ბრწყინვალე ურთიერთობების გაღრმავებას. სწავლასა და განათლებას საქართველოში ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მივესალმები პრემიერ მინისტრის ხედვას ევროპულ ფასეულობებზე დამყარებული ამ სკოლის მოდელის გაფართოებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული ნაბიჯების გადასადგმელად, რათა შევძლოთ სკოლის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური