საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინიტრის მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ერთობლივი პრესკონფერენცია

2018-08-23

  2

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებისათვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გმასპინძლობთ საქართველოში როგორც მეგობარს, პარტნიორს, მხარდამჭერსა და ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს. 

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, იმ ურთიერთობებს რომლის ორსაუკუნოვან ისტორიასაც ჩვენ ერთად აღვნიშნავთ საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში.

ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ჩვენი სახელმწიფოსი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ის სიკეთე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად აფასებს და უფრთხილდება.

გვეამაყება, რომ საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია გერმანიისთვის. გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ჩვენი მხარდამხარ დგომისა და ურთიერთმხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია.

ქალბატონო კანცლერო, თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, რომელმაც წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა! ჩვენი ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს ცივილიზაციური არჩევანია! ქვეყანა, რომელიც დღეს თქვენ გმასპინძლობთ, არა მხოლოდ ევროპული ქვეყანაა, არამედ ის არის საკმაოდ დიდი წვლილის შემტანი საერთო ევროპული ცივილიზაციისა და მისი ღირებულებების ფორმირებაში.

ჩვენ კანცლერ მერკელთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის - გერმანიის მხარდაჭერა. რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, დღეს სამწუხაროდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია,  რაც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

ქალბატონო კანცლერო და ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა, განვითარება და ევროპული დემოკრატიის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანის თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ყველა ინტერესი იქნება დაცული, სადაც ყველა მოქალქე შეძლებს თავისი შესაძლებლობებისა და ნიჭის ღირსეულ რეალიზაციას.

ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას ადასტურებს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

ასევე, ჩვენი მხრიდან გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, რომელთა მიზანია შერიგებისა და ნდობის აღდგენა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის.

პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანი. ამ მხრივ, გერმანია გამორჩეულ როლს თამაშობს და, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება!

ქალბატონ კანცლერთან ვისაუბრეთ აგრეთვე იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომლებიც გვაქვს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით. ესენია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმით სარგებლობა, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება და საერთო გამოწვევებთან ბრძოლა, -  ყოველივე ეს კი მყარ საფუძველს უქმნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ამ კონტექსტში, ქალბატონ მერკელს გავაცანით საქართველოს მთავრობის ინიციატივა - საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ადეკვატურად აისახა ნატოს 2018 წლის სამიტის დეკლარაციაში.

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ინტერესი და მისწრაფება, რომ მაქსიმალურად განავითარონ ახალი და ამავე დროს კიდევ უფრო განამტკიცონ არსებული ურთიერთობები.  უკვე მივაღწიეთ პარტნიორობის ისეთ სტანდარტებს, როდესაც შეგვიძლია ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით თვისებრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა! ასევე მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ გერმანული მხარის მიერ გაცხადებული ევროპის ახალი აღმოსავლური პოლიტიკის შემუშავების პროცესში!

ჩვენ მივესალმებით საქართველოში ყველა გერმანული კომპანიის საქმიანობას. წარმატებულ პროექტებთან ერთად, გვაქვს სურვილი,  ავითვისოთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, უფრო მეტი გერმანული ინვესტიცია ვიხილოთ საქართველოში და მსხვილი გერმანული კომპანიების პარალელურად ასევე განვავითაროთ ურთიერთობა მცირე და საშუალო ბიზნესს შორის. საქართველოს აქვს პოტენციალი იქცეს კარიბჭედ და რეგიონალურ ჰაბად იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი და აქედან გამომდინარე, ეს გერმანული კომპანიებისთვის მართლაც უნიკალური საშუალება და პერსპექტივაა, რომ გაზარდონ ვაჭრობა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ გაზარდონ ვაჭრობა ზოგადად, ჩვენს რეგიონთან.

მნიშვნელოვანია, რომ ფედერალურ კანცლერთან ერთად საქართველოში იმყოფებიან გერმანული კომპანიების წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების მიმართ. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვხელმძღვანელობდი საქართველოს რკინიგზას, დაიწყო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გერმანიის რკინიგზასთან. დღეს „დოიჩე ბანი" საქართველოს რკინიგზის ოფიციალური პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს ეკონომიკამ შეიძინა ძალიან ძლიერი და სანდო პარტნიორი ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში არსებული ინტენსიური თანამშრომლობა. მადლიერი ვართ იმ მრავალრიცხოვანი სტიპენდიებისთვის, რომლებსაც გერმანია ყოველწლიურად გასცემს ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის.

მოუთმენლად ველით მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი, როგორც საპატიო სტუმარი. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა გერმანული საზოგადოებისთვის, რომ უკეთ გაიცნოს ევროპული ფესვების მქონე, მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურა. 

ქალბატონო კანცლერო, კიდევ ერთხელ მსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის, იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც გერმანია ახორციელებს ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა.



ანგელა მერკელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი:

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები, ბოლოს თქვენ ქვეყანაში ვიმყოფებოდი ათი წლის წინ, როდესაც ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მე მაშინ მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და რა თქმა უნდა ათი წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენ წვლილს შევიტანთ. 25 წელია ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველო წელს ზეიმობს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს ჩვენს ქვეყნებს. წელს საქართველო იქნება საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე და მოუთმენლად ველით. ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ. ძალიან კარგია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის, ხალხებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება, ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში  გერმანიიდან. ჩემთან ერთად აქ არიან სხვადასხვა გერმანული კომპანიები. თქვენ ახსენეთ საქართველოს რკინიგზისა და გერმანიის რკინიგზის ურთიერთობა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა განათლების სფეროში და ჩვენ შეგვიძლია ბევრი გავაკეთოთ დუალური განათლების ხელშესაწყობად საქართველოში და ამაში ბევრი ინვესტიცია ჩავდოთ. ჩემი ვიზიტის დროს ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი. საქმე ეხება დაახლოებით 193 მილიონ ევროს ეხება. გაზის საცავის, ასევე წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებისთვის გამოიყენება ეს თანხა. ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში. ასევე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს და გერმანიას ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენთვის საქართველო კარგი პარტნიორია. ვფიქრობთ, რომ ჩვენ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები და ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკაში უფრო ინტენსიური გავხადოთ და გავცვალოთ გამოცდილება. შესაძლებელია, რომ საქართველომ აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს ევროკავშირში და ამაში შეგვიძლია დიდი წვლილი შევიტანოთ. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონიმიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა. მე განსაკუთრებულად ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექნება პატივი, ხვალ ვისაუბრო ბატონ რექტორთან, სტუდენტებთან. ამ კონტექსტშიც არსებობს ათწლეულობით დაგროვილი ქართულ-გერმანული ძალიან მდიდარი ურთიერთობა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს და გამოცდილებას.


ქეთევან ქარდავა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი:

გერმანიის კანცლერო, თქვენ ამ თემით დაიწყეთ სუბარი. ჩემი კითხვა ეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. თქვენ საქართველოში ჩამობრძანებამდე შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს. საქართველოში არის ძალიან დიდი ინტერესი ამ შეხვედრის მიმართ, რადგან არ ყოფილა პრესკონფერენცია და ჩვენთვის უცნობი დარჩა ეს საკითხი. თქვენი პუტინთან შეხვედრის დროს რაიმე ფორმით იყო თუ არა განხილული საქართველოს ოკუპაცია და ასევე, თქვენ, გერმანიის კანცლერი როგორ ხედავთ ევროკავშირის და გერმანიის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში. თქვენ განაცხადეთ, რომ შეიტანთ წვლილს ამ პროცესში.


ანგელა მერკელი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი:

მე ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე კონტაქტის ხაზთან, სადაც მათ შორის ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. რაც ხდება, ეს არის უსამართლობა. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა, არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე.  

ქეთევან ქარდავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი:

ბატონო პრემიერო, თქვენ როგორ ხედავთ გერმანიის როლს მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირების პროცესში?

 

მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია. სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო, რომ ის გაიყვანდა საჯარისო ნაწილებს საქართვლოს ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ევროკავშირს და გერმანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ დღეს საერთაშორისო მისიებიდან მხოლოდ ერთი მისია არის საქართველოში, ეს არის ევროკავშირის მისია, რომელიც იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ კანცლერს მადლობა გადავუხადო  იმ მხარდაჭერისთვის, რომ ეს მისია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ეს არის მშვიდობა, ჩვენი პოლიტიკა ეს არის განვითარება და ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ საგარეო მიზნებზე, მე არაერთხელ დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ: საქართველო თავისი ფასეულობებით ისტორიულად მუდმივად იყო ევროპული სივრცისა და ევროპული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ქედან გამომდინარე, ევროკავშირის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიცია გახლავთ, ის, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში არ არის რთული გამოიძებნოს მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. ჩვენ გვსურს მშვიდობა. ხალხთა შორის ურთიერთობები მართლაც რომ ძალიან კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს ფუნდამენტი, რომ გამოიძებნოს სამშვიდობო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ ყველაფერს სამართლიანად დაარეგულირებს. არსებობს საერთაშორისო სამართალი, არსებობს დოკუმენტები, რომელიც ხელმოწერილია და მას სჭირდება შესრულება, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ჩვენ ვართ მოხარული, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აშშ, ევროკავშირი და გერმანია და ქალბატონი კანცლერი აწარმოებენ დიალოგს რუსეთთან ბევრ საკითხზე, რადგან დიალოგს არ გააჩნია ალტერნატივა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად მივაღწევთ საწადელს. ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ომის დაწყებამდე აფხაზეთში, იქ მცხოვრები მოსახლეობა იყო 530 000 ადამიანი. დღეს არის 100 000-ზე ოდნავ მეტი. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ ოთხჯერ, ხუთჯერ შემცირდა მოსახლეობა და ის არ აღემატება 20 000 ადამიანს, საიდანაც დიდი ნაწილი საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არიან. აქ ისმის კითხვა: ეს არის იმ ადამიანების ინტერესებში, ვინც აქ მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა მეგობრულად, რომ ეს სტატუსკვო მიგვეღო?! ეს არის ჰუმანიტარული ტრაგედია, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ ვართ ძალიან ორიენტირებულები კონკრეტულ მიზნებზე, რომ მოვახდინოთ ნდობის აღდგენა. თქვენ იცით ჩვენი პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე, მივცეთ შესაბამისი წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე, შეძლონ მათ ელემენტარული სამეწარმეო საქმიანობის წარმართვა. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მშვიდობას და სამართლიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება.


ანდრეას რინკე
სააგენტო "ტომსონ როიტერსი":

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა გკითხოთ ტრანსატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. გჯერათ, რომ საქართველო ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანდება?


მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

ის, რომ საქართველო უნდა გახდეს და დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი, ან ჩემი მშობლების თაობის არჩევანი. ჩვენ ისედაც ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ამ ევროპული ფასეულობების ფორმირებაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი. ჩვენი მიზნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: ჩვენ ვართ მხოლოდ მშვიდობაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ არ გვაქვს ილუზია, ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრული და ვდგამთ ძალიან პროგნოზირებად ნაბიჯებს.  აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეფორმების აქტიურ დანერგვას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან და დარწმუნებული ვარ, როდესაც იქნება ამის მზაობა, საქართველო იქნება ასი პროცენტით სრულფასოვნად მზად, რომ გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი.

 

თამარ პაატაშვილი
საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი":

მოგესალმებით ქალბატონო კანცლერო, ბატონო პრემიერ-მინისტრო. მინდა გკითხოთ საქართველოს ევროპულ გზაზე, ევროპულ არჩევანზე, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხნის წინ გავაკეთეთ და ამაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმა არაერთგზის ისაუბრა. როგორ შეაფასებდით საქართველოს პოზიციას, თქვენი გადმოსახედიდან  რამდენად წინ წაიწია საქართველომ ამ კუთხით და რა უნდა გაკეთდეს კიდევ, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. რა როლი ექნება ამ კუთხით ევროპის ლიდერ ქვეყანას - გერმანიას და იქნება თუ არა ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში?

ანგელა მერკელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი:

რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ. სწორედ ამიტომ ვარ აქ.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასევე არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება. ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვილება-გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მე ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, ის ასპექტები, ის მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს. მე კიდევ უფრო გაღრმავებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობებისა.


მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და რა თქმა უნდა ვიზალიბერალიზაცია გახლავთ ამის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო მეტად აქტიურები, იმისთვის, რომ გავატაროთ მეტი რეფორმა, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რომ ეკონომიკური კომპონენტი გვქონდეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ეკონომიკურ რეფორმებს და რეფორმებს, რომელიც ჩვენ გვექნება განათლების სექტორში, სადაც გერმანია მხარს გვიჭერს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ამისათვის. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე, ეს არის საგზაო რუკა, სადაც გვექნება ის ორიენტირები, რისკენაც მივისწრაფვით. მე აღვნიშნე, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია. ამ გზაზე ბუნებრივია, იქნება ძალიან დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევებს ჩვენ გადავლახავთ ჩვენი მეგობრების დახმარებით და აუცილებლად შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის მიღწევას, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და განსაკუთრებით მინდა ჩემი მესიჯი გავაჟღერო ევროპელი ჟურნალისტებისთვის: ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი და ეს არ უკავშირდება ვინმეს წინააღმდეგ სვლის მცდელობას.  ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვართ ამ ოჯახის ნაწილი და ეს არის ერთადერთი ოჯახი, სადაც ჩვენ გვსურს, რომ დავბრუნდეთ და გვსურს საქართველო განვავითაროთ, როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა ამ რეგიონში.


ევა ქუადბეკ-მააკი
გაზეთი „რაინიშე პოსტი":

ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე, დემოკრატიზაციის ნაბიჯებზე საქართველოში. როდესაც 2017 წელს ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან გერმანიაში. უნდა იყოს თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა და იგივე კითხვა ფედერალურ კანცლერს - რა მხრივ შეუწყობთ ხელს?

 

ანგელა მერკელი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი:

საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ცალსახად. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში მართლაც ძალიან მალე ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა. ეს არ ღირს ამად.


მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ვიზალიბერალიზაცია გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. თუ ჩვენ შევადარებთ იანვრის სტატისტიკას ზაფხულის თვეებთან, ვნახავთ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით 70%-ით. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი. ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებსა და უწყებებს შორის არის ძალიან კარგი კოორდინაცია. სწორედ აქედან გამომდინარე, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარით, რომელიც მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ორივე ქვეყნის შესაბამის უწყებებს მადლობა გადავუხადო. მათ კარგი თანამშრომლობის შედეგად შეძლეს 70%-ით შეემცირებინათ ეს სტატისტიკა. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ კანცლერს და გერმანიის მთავრობას. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებას გერმანიაში ჩვენი მეგობრებიც გაიზიარებენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური