საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

2018-06-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, - როგორც პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის - ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის დამტკიცებაში, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას მართლაც ტრანსფორმაციული გავლენა აქვს საქართველოზე, ხოლო მეორე კომპაქტი არის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა საქართველოში.

„მეორე კომპაქტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება საქართველოს 1.7 მილიონი მოქალაქის ცხოვრება ხარისხიანი განათლების დონის ამაღლების და ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით, რაც დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობა მიესალმება აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას პირველი და მეორე კომპაქტების მიღწევების შემდგომი განვითარების კუთხით. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შესაძლო მესამე კომპაქტის კომპონენტების მეშვეობით, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა ამ პროგრამის და პირველი და მეორე კომპაქტების მიღწევების მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტისას, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები პირველი და მეორე კომპაქტების მიღწევების შესახებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარებას გეგმავს.
„საქართველოში, მთავარი დაბრკოლება, როგორც ამას სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს, არის არაადეკვატური სამუშაო ძალა, კაპიტალის და ფინანსების ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, გთავაზობთ ამ კვლევების განახლებას და საჭირო დასკვნების და არგუმენტების წამოყენებას საქართველოში ამ მნიშვნელოვანი პროგრამების გაგრძელების მხარდასაჭერად",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში განათლების მხარდასაჭერად აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროგრამების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მთავრობის ბევრი წარმომადგენელი, ისევე, როგორც ბიზნესის სფეროს ლიდერები სხვადასხვა ამერიკული სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულები არიან.

„როდესაც ვახსენებ აშშ-ის გარდამქმნელ ძალას, ვგულისხმობ, რომ საქართველოსთვის ის მართლაც გარდამქმნელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის წყალობით, შესაძლებელი გახდა საქართველოს რეგიონების 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, ასევე სასწავლო გარემო გაუუმჯობესდა 35 ათას მოსწავლეს საქართველოში. ამ დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების მიწოდება 20 ათასი STEM მასწავლებლისთვის და სკოლის დირექტორისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. 40-ზე მეტი ახალი TVET პროგრამა დაიწყო ინდუსტრიის სფეროსთან თანამშრომლობით. ეს არის ტექნიკური, პროფესიული, საგანმანათლებლო და ტრენინგის პროგრამები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში პროფესიონალების მომზადებას ემსახურება. პირველად საქართველოს ისტორიაში, ამერიკულმა უნივერსიტეტმა, კერძოდ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო STEM საბაკალავრო პროგრამა, რის შედეგადაც ჩვენ გვეყოლება 700 ქართველი კურსდამთავრებული სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომით. ისინი იქნებიან კონკურენტუნარიანი პროფესიონალები, რომლებიც მზად იქნებიან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი უდიდეს როლს ასრულებს საქართველოში სამუშაო ძალის განვითარებაში და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ამ მიზნით, გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მოთხოვნები და ხდება საქართველოში სამუშაო ძალის კვალიფიკაციის მორგება ბაზრის მოთხოვნებზე. ყოველივე ეს სრულ თანხვედრაშია საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის 4 ძირითად მიმართულებასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს წარმოადგენს ჩვენი ბიუჯეტის და მთავრობის პრიორიტეტს და გამოხატულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებაში, ხოლო განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტია ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ფარგლებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტის მიზნობრივად დახარჯვის პროცესში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.
„დღეს მე აქ ვარ, რათა მადლობა მოგახსენოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და საბჭოს წევრებო, თქვენი ძლიერი და უწყვეტი ლიდერობისთვის და მეურვეობისთვის, რომლითაც თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხები, რომლებიც ინვესტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოში, შესაბამისად იყოს დახარჯული. თქვენ არსებით როლს ასრულებთ ამ პროგრამის წარმატების უზრუნველყოფაში", - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მთავრობას ასევე მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტთან ერთად მნიშვნელოვან თანადაფინანსებაში გამოიხატება და აღნიშნა, რომ ეს მოწმობს საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულებაზე აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობისადმი, რომელიც ემსახურება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საქმეს. ელიზაბეტ რუდი დარწმუნებულია, რომ განხორციელებული პროგრამები გაზრდის საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს ზოგადი განათლების პროექტზე, რომლის ფარგლებში საქართველოში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა ხორციელდება, ასევე - 20 ათასი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ პროგრამაზე.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა პროექტზე - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის", რომლისთვისაც გამოყოფილია 16 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი, რათა საქართველოში განვითარდეს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ხელი შეეწყოს დასაქმებას.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
აღნიშნული პროექტები, რომლებსაც აშშ-ისა და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური