საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები

2018-05-26

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

მინდა, გულითადად მივესალმო ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში.
ის ფაქტი, რომ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი არის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ერთად ვზეიმობთ ესოდენ მნიშვნელოვან დღესასწაულს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი.
ასევე მინდა, მივესალმო ევროკომისარ იოჰანეს ჰანს და ბატონი ჟან-კლოდ იუნკერის დელეგაციას საქართველოში.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს უმნიშვნელოვანესი რეფორმირების პროცესში და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჟან-კლოდ იუნკერს მისი პირადი წვლილისათვის - საქართველოს დახმარების პროცესში.
ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. დღეს საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე - რეფორმების დღის წესრიგი. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდებიან შენგენის სივრცეში.
ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი როლი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. ევროკავშირი გახლავთ ჟენევის ფორმატის უმთავრესი მონაწილე მხარე და საქართველო ძალიან მადლიერია ევროკავშირის თანმიმდევრული პოზიციისა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის და აღიარების მიმართულებით.
მე აღარ განვაგრძობ დიდ ხანს ჩემს სიტყვას, გამომდინარე იქიდან, რომ ამინდი, შესაძლოა, ჩქარა შეიცვალოს. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს ხელისუფლების სახელით, ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და ასევე, მინდა, მას დავუთმო ტრიბუნა, ვინაიდან, ჩვენს მიერ მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები მინდა, რომ მან პირადად გამოაცხადოს საქართველოს მოსახლეობისთვის.
დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ!

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი:

ძვირფასო გიორგი, მოხარული ვარ, რომ ვხედავ ევროკავშირის ასეთ სრულფასოვან და ხილვად როლს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან დღეს. მე ძალიან მეამაყება, რომ პრემიერ-მინისტრი სტუმრობს ჩვენს ბანერს, ეს არის ევროკავშირის ბანერი. ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენთან არის. ჩვენ ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ ერთად, შედარებით მოკლე დროში.

მე მას მადლობას ვუხდი მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ იგი ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს, რაც დღეს ევროპაში ხშირი არ არის.

საქართველო ახლოსაა ჩემს გულთან, ახლოსაა ევროპელთა გულებთან, რადგან ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვართ მეგობრები და პარტნიორები. ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ამ დღეებში მე განსაკუთრებულად ამაყი და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან გამორჩეული დღეა.

მე წლების წინ შევპირდი პრემიერ-მინისტრს, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს გვერდში იდგება. რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებთ, მით მეტ მხარდაჭერას ვიჩენთ ჩვენი მეგობრების მიმართ. მოხარული ვარ დღეს განვაცხადო, რომ დამატებით 40 მილიონს გამოვყოფთ ამ წლის ორმხრივი ურთიერთობებისთვის. საერთო ჯამში 2014 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენ 597 მილიონი გამოვყავით. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დამატებით გამოვყოთ 45 მილიონი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის.

იმ პირობის შესაბამისად, რაც მე პრემიერ-მინისტრს მივეცი, ჩვენ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2017 წლის მარტში. 353 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში და მინდა ყველანი, ვინც აქ ხართ მოგიწვიოთ და გირჩიოთ ევროპაში წასვლა, რადგან ნამდვილად ღირს მისი ნახვა.

რამდენიმე თვეში ამ ქალაქში ჩვენ გავხსნით ევროპულ სკოლას და ჩვენ, პრემიერ-მინისტრმა და მე, მოვილაპარაკეთ, რომ ამიერიდან ყოველ წელს ჩავატარებთ ერთ შეხვედრას საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის. ასეთ შეხვედრებს ჩვენ ყველა ქვეყანასთან არ ვატარებთ, მაგრამ მე მინდა რომ ყოველ წელს ასეთი შეხვედრა ჩატარდეს საქართველოსთან.

დიდი მადლობა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო! ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია. დღეიდან იქმნება სრულიად ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი და წელიწადში ერთხელ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროპისა და საქართველოს მთავრობის წევრები შეიკრიბებიან და განიხილავენ საქართველოს ინტეგრაციის მიღწევებს, დასახავენ სამომავლო გეგმებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა საქართველო მადლიერია გაზრდილი დაფინანსებისთვის, რომლის შესახებაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა სულ ახლახანს გამოგვიცხადა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი აქ ყოფნისთვის და საქართველოს გვერდში დგომისთვის. დიდი მადლობა, ასევე, ევროპული სკოლის გადაწყვეტილებისთვის, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკომისარ ჰანთან ერთად და მე მიხარია, რომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ ამ გადაწყვეტილებას.

გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს არის დაუვიწყარი დღე საქართველოსთვის, თქვენი აქ ყოფნა არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის!

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი: ყველა მიყვარხართ!

ერთობლივი განცხადებების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის სპეციალურ ბანერზე სამახსოვრო წარწერები გააკეთეს და ევროკავშირის მოხალისეებთან ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს პირველად ეწვია და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდა.