საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
2018-05-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის გახსნამდე, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |