საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის „ჯეიმსთაუნის ფონდის“ დელეგაციას შეხვდა

2018-05-15

----

--

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის „ჯეიმსთაუნის ფონდის" დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს რეგიონული ტურის (თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო) ფარგლებში სტუმრობენ.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ კუთხით მიღწეულ წარმატებებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.

ითქვა, რომ აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობა საქართველოს მთავრობის უმაღლესი პრიორიტეტია, 2017 წელი აშშ-საქართველოს პარტნიორობის კუთხით სამაგალითო იყო და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში აშშ-ის მხარდაჭერას დიდი როლი ენიჭება.

განსაკუთრებულად აღინიშნა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, აგრეთვე, დადებითი ტენდენციები სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში; ყურადღება გამახვილდა მთავრობის ძალისხმევაზე - საქართველო იქცეს სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკის რეგიონულ ჰაბად. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ამერიკული კომპანიების ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს მაღალი შეფასება მისცეს. გამოითქვა მზაობა ქართულ მხარესთან სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობისა.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, მძიმე მდგომარეობას - ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას, აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული სიკეთეების ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად.

აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტაბების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ბრიუსელში ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს მოლოდინებს. გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი სათანადოდ შეფასდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და პრემიერ-მინისტრის კონსულტანტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური