საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე
2018-04-30 მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველოში ნატოს დღეების შემაჯამებელ ღონისძიებას - ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება თბილისში და, შეიძლება ითქვას, უკვე მნიშვნელოვან ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. მინდა გითხრათ, რომ 2018 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად. ჩვენი მიზანი გახლავთ, თითოეული მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს ქვეყნის განვითარების საქმეში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პროცესებში. წლევანდელი ფორუმის კონცეფცია გახლავთ „360 გრადუსით კომუნიკაცია", რაც მთლიანად მიესადაგება როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ნატოს ხედვას, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული, სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მომავლისთვის. მოგეხსენებათ, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც კი იქნა შეტანილი. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ისე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, ასეთი დინამიური და დატვირთული ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით - გასულ წელს, არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, ნატოს მხრიდან მკაფიოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილით. ნატო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს. ბოლო წლებში ნატო-საქართველოს უპრეცედენტოდ აქტიური და დინამიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას. სულ უფრო თვალნათელი ხდება, რომ, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი და ალიანსის მხრიდან სწორი და დროული მოქმედება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სათანადოდ შევაფასოთ და ვუპასუხოთ ამგვარ საფრთხეებს და პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მათთან გამკლავებაზე. ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებში უკვე განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და შესაბამისი ფუნქციური რგოლების გაძლიერება, რითაც მსგავს საფრთხეებზე რეაგირება კიდევ უფრო კოორდინირებული გახდა. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს სამთავრობო სტრუქტურების სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების უახლესი სტანდარტებით გადამზადებას, რაც ახლო მომავალში, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებას უფრო ეფექტიანს გახდის.
|