საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა

2018-03-21

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. მთავრობისა და კომისიის წევრებმა პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამა დაამტკიცეს, რომელსაც ქართული მხარე ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წარადგენს.

ასევე, განიხილეს ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესი.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კომისია მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციის და გაწევრიანების პროცესში საქართველოს სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

„ალიანსში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველა უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. აღნიშნული ვალდებულება ახალ კონსტიტუციაშიც აისახა. უკანასკნელი წლების განმავლობაში მეტად დინამიურად ვითარდებოდა ნატოსთან თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესი. შარშანდელი წელი იყო ძალიან წარმატებული ამ კუთხით, და მეტად დატვირთული იყო, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობით, ასევე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით. 2017 წელს, მაღალი დონის ვიზიტებთან ერთად, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში გაიმართა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მათ შორის, მინდა გამოვყო ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა საქართველოში, რომელიც გახლდათ ჩვენი წარმატებული განვლილი რეფორმების კიდევ ერთი დადასტურება საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსთან ინტეგრაციის და თანამშრომლობის მრავალი ფორმატი აკავშირებს, რომელსაც მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს; საქართველო კი, ნატოს მიერ აღიარებულია, როგორც ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ზოგ წევრ ქვეყანაზე უფრო აქტიურად მონაწილეობს თანამშრომლობის ფორმატებსა თუ საერთაშორისო მისიებში.

„საქართველო გახდა ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის და ნატოსთან თავსებადობის დონის მნიშვნელოვნად ამაღლებას, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გამყარებას, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორისა. მოკავშირეები და ნატოს ოფიციალური პირები, გენერალური მდივნის ჩათვლით, მუდმივად ხაზს უსვამენ ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს, თავდადებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამასთან, ასპირანტი საქართველო აგრძელებს ნატოს წევრობისკენ სვლას და მას, ნატოს აღიარებით, ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია, რათა მოემზადოს გაწევრიანებისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია ალიანსის განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონისადმი, რაც განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში გამოიკვეთა.

მისივე თქმით, საქართველო აქტიურად ჩაერთო და მონაწილეობს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ნატოში მიმდინარე დიალოგი და საქართველოს მიერ ამ კუთხით შეტანილი წვლილი მეტად დადებითად არის შეფასებული ნატოს წევრი ქვეყნების, მოკავშირეებს მიერ.

„შავი ზღვის დიალოგში საქართველოს აქტიური ჩართვა ჩვენი ქვეყნისთვის ალიანსში კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციის ნიშნავს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან ამ მიმართულებით და მუშაობას გავაგრძელებთ. ამასთან ერთად, საქართველო აგრძელებს ინტეგრაციის სამი ძირითადი ინსტრუმენტის გამოყენებას. ეს გახლავთ - წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნატოს წლევანდელი სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების მიღებიდან, ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნებისა და წლიური ეროვნული პროგრამის დაწყებიდან 10 წელი სრულდება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მოკავშირეებთან, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთხით, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ სამიტისთვის და საქართველო შესაბამის დონეზე იყოს წარმოდგენილი წლევანდელ სამიტზე. ამასთან, ვმუშაობთ, რათა სამიტზე შედგეს მსჯელობა და ასახული იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა, შიდა რეფორმებისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევების დაფიქსირება და აღიარება, ისევე როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის დადასტურება, ამ მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარების რაკურსში. ასევე, ველით შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ნატოსა და საქართველოს შორის პერსპექტიული თანამშრომლობის საკითხის განხილვას და სამიტის დღის წესრიგში ამ საკითხის ასახვას", - აღნიშნა პრემიერმა.

სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ნატოს ბრიუსელის სამიტისთვის მზადების შესახებ დეტალურად ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც სამთავრობო სტრუქტურაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია ჩაიბარა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური