საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს უმასპინძლა
2018-03-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს პამელა ვიპონდსა და გილბერტ ფელის უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მთის კურორტების მდგომარეობის, პოტენციალისა და სამომავლო პერსპექტივების შესასწავლად იმყოფებიან. მათი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახის შეხვედრისას მიიღეს, რომელიც 2018 წლის იანვარში ქალაქ ლოზანაში გაიმართა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა შეისწავლეს, ანალიზის შედეგად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. მათი შეფასებების საფუძველზე კი საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რა მიმართულებების განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს მეტი რესურსი, რათა ქვეყანამ პერსპექტივაში ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |