საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან
2018-03-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვეს მიტჩელმა, საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას. მისი შეფასებით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში, განხორციელებული რეფორმების კუთხით და განსაკუთრებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლი რეფორმის პროცესში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოთქვა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დეტალურად არის ინფორმირებული რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-თან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია; გასული 2017 წელი კი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი რეგიონში. ასევე, საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აშშ-ის როლს ნატოს მომავალი სამიტისთვის საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ, მიმდინარე წელს, ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მორიგი შეხვედრის გამართვა იგეგმება, რომელზეც კიდევ ერთხელ იქნება განხილული აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|