საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მინისტრის სპეციალური მრჩეველი - საქართველო, რეფორმებისა და სტაბილურობის კუთხით, რეგიონში გამორჩეული ლიდერია

2018-03-06

r

საქართველო, რეფორმებისა და სტაბილურობის კუთხით, რეგიონში გამორჩეული ლიდერია, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა ტომოჰიკო ტანიგუჩიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ყურადღება დაეთმო, როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა იაპონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე ქვეყნის მიერ არაერთი მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება იაპონური კომპანიების მზარდ ინტერესს და გამოთქვამს მზადყოფნას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იაპონური ინვესტიციების წახალისებას.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ დღევანდელი შეხვედრა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება.

საუბრისას, ასევე კიდევ ერთხელ აღინიშნა ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის - ტოჩინოშინის წარმატება იაპონიაში, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური