საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა

2018-03-02

---

“ტრადიციულად აქტიური, კულტურული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, შესანიშნავ ფონს ქმნის ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. მივესალმებით პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში. გასულ წელს, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, 33%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან, რაც ძალიან გვახარებს,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით გამართული გაფართოებული შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს. „ისტორიულ-ტრადიციული და ამჟამინდელი ურთიერთობები მყარი საფუძველია ახალი და კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის.

მოხარული ვარ, როგორც მაღალი დონის შეხვედრებით, ისე ჩვენი კოლეგების უწყებათაშორისი კავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი,“- აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა, კარენ კარაპეტიანმა. პრემიერ-მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მზაობა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ არსებული, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი არიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური