საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2017 წლის 7 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2017-09-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა. შესაბამისი განკარგულების პროექტი, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ" მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ში - ,,აწარმოე საქართველოში'' ამოქმედდება ცხელი ხაზი, ნომრით 1525, რომელიც დაინტერესებულ პირებს პროგრამის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. შესაბამისი ცვლილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის N355 დებულებაში შევიდა.

მთავრობამ ასევე მოიწონა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და SINOHYDRO CORPORATION LIMITED-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაიწყება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის, ლოტი 1 (კმ 0+000-კმ~5+800) მშენებლობა.

განკარგულების პროექტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება 133 530 690.63 ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური