საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2017-03-27

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 27 მარტს, კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა ოქმებს მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ „2002 წლის 20 ივლისის შეთანხმების ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედებების მაკოორდინირებელი სამუშაო ორგანოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" და სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგების ურთიერთაღიარების შესახებ". დოკუმენტებს, საქართველოს მხრიდან, ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძემ.

სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებმა, სხდომის შედეგების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობასა და ორგანიზაციის პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ფორუმის მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ ორგანიზაციას სჭირდება ახალი იმპულსი, საჭიროა დარგობრივი სფეროების, კერძო სექტორის, მთავრობების უფრო აქტიური მიდგომა, რათა მოხდეს იმ პოტენციალის რეალიზება, რომელიც სუამ-სა და ჩვენს ქვეყნებს გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომის შემდეგ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ისინი თავისუფალი სავაჭრო ზონის პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყობს ხელს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სუამ-ის საქმიანობას მეორე სუნთქვა ეხსნება და ჩვენ, ყველანი ოპტიმისტურად ვუყურებთ ორგანიზაციის მომავალს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანს, მთავრობების მეთაურების შეხვედრისა და კიევში სუამ-ის პირველი ბიზნესფორუმის ორგანიზების დროული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სუამ-ის წევრი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ ჩვენი საერთო გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია სუამ-ის რეგიონში გადაუჭრელ კონფლიქტებთან, გვავალდებულებს განვამტკიცოთ ჩვენი თანამოქმედება იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერასა და შესაბამის გამოხმაურებას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე, კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო მიზნიდან გამომდინარე - გახდეს სუამ-ი უფრო ძლიერი, ხოლო მისი ქვეყნები - უფრო განვითარებული და წარმატებული.

სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ბიზნესფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

ქართული მხრიდან ფორუმზე 20-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. მათ შორის ტრასპორტის, მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო, სადისტრიბუციო და ფარმაცევტიკის სფეროს წარმომადგენლები.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონის წარმატებული ქვეყანაა საინვესტიციო მიმზიდველობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით და ფორუმის მონაწილე ბიზნესმენები საქართველოში მიიწვია.

"საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი შექმნა. ეფექტიანი სახელმწიფო მომსახურება, არაკორუმპირებული სახელმწიფო და თავისუფალი, სამართლიანი და ღია ბიზნესგარემო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში აისახა და კვლავაც უმჯობესდება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა უმასპინძლეს.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ", - მიმართა პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თბილისში, "აბრეშუმის გზის" ფორუმზე მიიწვია უკრაინელი კოლეგა ვლადიმირ გროისმანი, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს შემოდგომისთვის გეგმავს.
გიორგი კვირიკაშვილმა, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გამართა მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპთან, რომელმაც საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში მიიწვია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი