საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2017-02-20

1  2

3  4

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართა.

პრემიერი სიტყვით გამოვიდა სესიაზე, სახელწოდებით - „ევრაზიის გამყოფი ხაზები", სადაც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა იყოს ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი; ქვეყანა, რომელიც აშენებს სტაბილურ მომავალს, ყველა გამოწვევის მიუხედავად.

"ხელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთი მძიმე ფონის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვცდილობთ, უპირველეს ყოვლისა,თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზნებს და კონსტრუქციული გზით შევამზადოთ საფუძველი გრძელვადიან ჭრილში ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად. არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველომ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. სულ უფრო აქტიური ხდება ჩვენი ინტეგრაცია ნატოს სტრუქტურებში. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ქვეყანა ვართ. ასევე, ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო ოპერაციებში ევროკავშირის ეგიდით. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუერთდებით ევროპულ წესრიგს. ეს არ არის ხმამაღალი განცხადება,რადგან საქართველო აშენებს ქვეყანას, რომლის სისტემები ზედმიწევნით პასუხობს ევროპულ სტანდარტებს", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები.

გიორგი კვირიკაშვილი, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს, რომელთან საუბრის ძირითადი თემა იყო ერთობლივი პროექტები ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, ასევე, საქართველოს საგადასახადო რეფორმა, რომელიც ესტონეთის მაგალითს ეფუძნება.

შეხვედრა გაიმართა ავღანეთის პრეზიდენტთან, რომელზეც აღინიშნა, რომ ავღანეთთან ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის. განიხილეს ქართული კომპანიებისთვის ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან სრული მზაობა გამოითქვა.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს დახმარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნული წვლილი შეიტანა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებული შეფასება მისცა.

ოკუპაციის პრობლემებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის როლზე ამ პროცესში, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან შეხვედრისას ისაუბრა.

გაიმართა შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან, რომელმაც საქართველოს თურქეთის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას. საუბრის მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობა იყო. მხარეებმა განიხილეს, რა სტადიაზე იმყოფება გამოძიება და ქართულ მხარესთან თანამშრომლობა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩთან და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივან აჰმედ აბულღეითთან.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი