საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის მიღწევები შეაჯამა

2017-12-27

დღეს მთავრობის პირველი სხდომაა განახლებულ ფორმატში, განახლებული შემადგენლობით და მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი, შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.
უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ახალ მანდატს და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

მოგეხსენებათ, ამ ცვლილებების მიზანი იყო უფრო მოქნილი და უფრო ეფექტიანი მთავრობა და დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური, მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ვექტორიდან გამომდინარეობს წამყვანი ხაზი იმ რეფორმებისა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. 2017 წელს მთავარი მიღწევა ამ მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც მთელი გუნდის ძალიან დიდი წარმატებაა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა - ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან - საქართველოს მიმართ ნდობის გამოხატვა.
ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები. საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ. ის გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას.
ამავე დროს, ნატოში ინტეგრაცია და აშშ-თან თანამშრომლობა რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით, პარალელურად, ეს ურთიერთობა გაღრმავდება და ამ კუთხითაც ბევრი წარმატება გვაქვს.
კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ და რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რჩება ჩვენთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად და, რა თქმა უნდა, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა ასევე იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის.

ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა, განსაზღვრული იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება. 2017 წლის განმავლობაში ოთხპუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, იყო წამყვანი ჩვენი მთავრობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ოთხპუნქტიანი გეგმის მეშვეობით, ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ და შემდგომი სამი წლის განმავლობაში შევძლებთ, თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ.
მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4,9%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური იყო ოთხპუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება, 500 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იყო ეკონომიკაში, რამაც დიდწილად გამოიწვია ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან, ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად, სულ 5-7 სამუშაო დღეში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნება.
ასევე, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის, დაზოგვის მაჩვენებელს გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში და ფინანსური სექტორისადმი ნდობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ რეფორმას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის - ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე, გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო წლევანდელი წელი საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, საქართველომ ძალიან წარმატებით დაიწყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მეტი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებელი ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც ევროპის ბაზარი იძლევა და ეს ნამდვილად გასახარია.
ასევე, ჩვენ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ჩვენ ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებამ, ამოქმედებამდე მოიტანა ეფექტი და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რისკები საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის კუთხით გვქონდეს განაწილებული.

ასევე, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჰონგ-კონგთან თავისუფალ ვაჭრობაზე და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ინდოეთთან.
ასევე, დაწყებულია მუშაობა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. წელს ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი გვქონდა ამ მიმართულებით ბიუჯეტის ათვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფრასტრუქტურა არის ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა დარგის წამახალისებელი და ინფრასტრუქტურის განვითარების ეფექტი მთლიანად ეკონომიკაზე ძალიან მაღალია.
2017-2020 წლებში, ჩვენ ჯამში 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ სივრცითი განვითარების საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტებზე. პროგრამა ხორციელდება წარმატებით, გეგმის მიხედვით მივდივართ, წელს გეგმაზე ცოტა წინ ვართ. უკვე შენდება 1000-კილომეტრიანი გზა - აქედან, 350 კილომეტრი - ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კილომეტრი რეგიონული მნიშვნელობის გზებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არტერიებია რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს საქმდება ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. სულ რამდენიმე დღის წინ იყო, მოგეხსენებათ, მშენებლობის დაწყების ცერემონია. საბოლოო ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია, თუმცა პირველი ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება და ჩვენ ვგეგმავთ, 2020 წელს ჩვენ უკვე მივიღოთ დიდი მოცულობის პირველი გემები. ეს არის, დაახლოებით, 500-დან 600 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც, დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ხოლო ამ პორტის ზეგავლენა მთლიანად ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი იქნება, ნამდვილად, 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში.
ასევე, მალე დაიწყება ორი თანამედროვე სტანდარტის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტზე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემკრები ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის და განვითარების კუთხით.


ასევე, რეგიონების განვითარება იქნება ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი და ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი სამომავლო სტრატეგია, რომ გადავიტანოთ გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრები რეგიონში, ქვემოდან ზემოთ ამომავალი პრიორიტეტებით ვიხელმძღვანელოთ ბიუჯეტების დაგეგმვისას და უფრო მეტი ფინანსური რესურსი მივცეთ რეგიონებს, ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს შეიტანს თვითონ რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ძალიან დიდ ცვლილებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში.
უპრეცედენტო წელი იყო რთველის მიმართულებით და ჩვენ წელს პირველად გვქონდა რთველი, როდესაც, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ყურძნის მომყვანი ფერმერები და მეღვინეები შეთანხმდნენ ფასზე. ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად გამოვდივართ სუბსიდირებიდან. ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი ძალიან წარმატებით ვითარდება და ჩვენ ამ დარგში სწორი პოლიტიკა განვახორციელეთ. 143 მლნ ლარი იყო კახეთში მევენახეების შემოსავალი, 5,5 მლნ ლარი იყო რაჭა-ლეჩხუმში და დანარჩენ რეგიონებშიც, ასევე, მნიშვნელოვანი ქართლში და ა.შ. დიდი შემოსავალი მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ კონკრეტულად მეღვინეობიდან. ასევე, რეკორდული წელი იყო ექსპორტის კუთხითაც - 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა ღვინის ექსპორტმა, რაც პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. დამეთანხმებით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ძალიან სერიოზული წყარო. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ეს კიდევ არ არის პიკი და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ველით მომავალში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს დასრულდა მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგადაც, მსოფლიომ საქართველო აღიარა ყველაზე ძველ მეღვინეობის ქვეყნად, მეღვინეობის სამშობლოდ და ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია დასაბუთდა, დამტკიცდა საერთაშორისო მასშტაბით, საერთაშორისო კვლევის შედეგად.
კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას მინდა შევეხო. 2018 წლის გაზაფხულიდან ჩვენ ვიწყებთ ტყის მასშტაბურ აღრიცხვა-ინვენტარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ჩვენ ვინარჩუნებთ ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს სისტემა მოსახლეობის საჭიროებაზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გახდება .
სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით; მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც, ასევე, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში იწყება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციაც გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. 2017 წლის განმავლობაში ჩვენ „ევროპოლთან" ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ, ჩვენი ინიცირებით. დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსურად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კონტექსტშიც და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, არასრულწლოვანთა დანაშაული შევამციროთ და ძალადობა არასრულწლოვანთა შორის მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო დიდია. ჩვენ მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიტოვებული. 2018 წელს საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი ქვეყანა, საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არ იქნება მხოლოდ რამდენიმე დღით, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, არა მხოლოდ გერმანიის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყანა წარვადგინოთ, როგორც, ერთის მხრივ, უძველესი კულტურის ქვეყანა, მაგრამ მეორეს მხრივ დინამიური ქვეყანა, ძალიან სწრაფად და საინტერესოდ განვითარებადი კულტურით, მეცნიერებით და სხვადასხვა მიმართულებით და ეს იქნება წარმატების წელი ამ მიმართულებითაც.
ტურიზმში გვქონდა ძალიან კარგი წელი, 7 მილიონს გადააჭარბა ვიზიტორების რიცხვმა. ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად და, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც 2018 წელი იქნება ძალიან წარმატებული. საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობად იქნა მიჩნეული ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველო პირველად გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის - OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა.

2018 წლიდან ამოქმედდება პეტიციების ვებ-პორტალი, ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ღიად, ელექტრონული წესით დააფიქსირონ საკუთარი ინიციატივები, მხარი დაუჭირონ მათთვის საინტერესო ინიციატივებს და 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, განიხილოს ეს პეტიცია და პასუხი აცნობოს ხელმომწერთ.
ვეცადე, ძალიან მოკლედ შევხებოდი იმ წარმატებებს, რომელიც 2017 წლის განმავლობაში გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. 2017 წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევებიც, არაერთი მძიმე წუთი და დღე გამოვიარეთ და ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით ჩვენ მომავალ წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და 2018 წელსაც ერთობლივად მივაღწევთ წარმატებებს.
2018 წელი მე გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მინდა, ყველა მინისტრს მოვუწოდო, მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მე მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები, ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილნი ამისთვის, არამედ ეს იქნება ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, მათი წინადადებებისა და პრობლემების მოსმენა. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი ხალხი ძალიან მალე იგრძნობს და დაინახავს.

2018 წელი, მოგეხსენებათ, საიუბილეო წელია - ჩვენი პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი იუბილე და საზეიმო თარიღია და ჩვენ, ერთად, ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ამ იუბილეს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი და 2018 წელი იქნება წარმატებული წელი ყველასთვის.
მინდა, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ჩვენს კაბინეტში დღეს აღარ არიან და წარმატებები ვუსურვო იმ საქმიანობაში, რასაც მომავალში განახორციელებენ.
მინდა, ასევე მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს - მთავრობის წევრებს, ადმინისტრაციისა და სამინისტროების წარმომადგენლებს.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებისთვის, ყველას გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი და წარმატებული 2018 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!