საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

2017-12-21

მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მივესალმები პატივცემულ დეპუტატებს!
მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მთავრობის ახალი სტრუქტურა დაამტკიცა და, შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგინეთ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. მაქვს პატივი, მოგახსენოთ ჩვენი გეგმების, ჩვენს მიერ გაკეთებული და ჩატარებული სამუშაოს შესახებ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეტი კოორდინაცია პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური ჩართულობით გადავწყვიტოთ ის საჭირბოროტო საკითხები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
უპირველეს ყოვლისა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობის მთავარ, ცენტრალურ ღირებულებად რჩება ადამიანი, მისი უფლებები, მისი უფლებების დაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ, ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც გაგვაჩნია, ეს არის ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდი პროგრესი. ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების მშენებლობა, კანონის უზენაესობის მშენებლობა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიის ცენტრალური ხაზი გახლავთ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დიდი ხანია, აღარ არის ჩვენთვის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ვექტორი, იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს და მინდა, ამ დღის წესრიგის შესახებ ცოტა უფრო დაწვრილებით მოგახსენოთ.
მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა უმნიშვნელოვანესი გეგმაა, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმებს. ის გაცილებით უფრო ფართოა, იგი მოიცავს ჩართულობით მმართველობას, გამჭვირვალე მმართველობას და ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით გასული 1 წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც დაანონსდა ამ გეგმის შესახებ.
დავიწყებ განათლებით. განათლება, მოგეხსენებათ, არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ნომერ პირველი პრიორიტეტი, ნამდვილად, 4-პუნქტიან გეგმაში და განათლების მიმართულებით რამდენიმე ცენტრალური საკითხი მინდა გამოვყო. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, პროფესიული განათლების სწორი მოდულების მშენებლობა და უნდა ვთქვა, რომ საქართველოს აქვს 11% განათლების სისტემაში პროფესიულ განათლებაზე, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი ყველგან არის 20%-ზე მაღალი. ეს არაჯანსაღი პროპორციაა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან პროფესიული განათლება არის აუცილებელი ინსტრუმენტი პირდაპირი დასაქმებისთვის და ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გასული წლის განმავლობაში 20%-ით გაიზარდა პროფესიულ განათლებაში ჩართული ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების რიცხვი. ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორთან ერთად საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით პროფესიული განათლების სისტემის მშენებლობას. ჩვენ ავიღეთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება, ეს არის დუალური პროფესიული განათლების გამოცდილება, რომელიც არსებობს გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და ამ მოდელის მიხედვით ვავითარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას განათლებისა. დარწმუნებული ვარ, ეს სტრატეგიული ხაზი ძალიან მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგს მოიტანს დასაქმების კუთხით და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება პროფილის შეცვლა, სჭირდება პროფესიული მომზადება კონკრეტული გამოცხადებული ვაკანსიისთვის, რათა დასაქმდეს და ეს არის პირდაპირი კონვეირი, ინსტრუმენტი პირდაპირი დასაქმებისთვის.
უმაღლეს განათლებაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საინჟინრო და ტექნიკური პროფესიების პოპულარიზაცია და ზრდა. სამწუხაროდ, აქაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით უფრო დაბალი პროპორციული მაჩვენებელი საინჟინრო და ტექნიკურ საშუალებებზე. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამა, ამერიკის ხელისუფლების დახმარებით, იყო ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებას რათა, მივიღოთ უფრო სწორი პროპორცია და მოთხოვნებზე უფრო ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევეხებით იმ დარგებს, რომელიც არ არის ადვილად გაზომვადი და არც უნდა შევეხოთ. ეს არის ფუნდამენტური მეცნიერებები, ჰუმანიტარული დარგები, სადაც, ჩვენ, ბუნებრივია, გვჭირდება განვითარება და ეს დარგები უნდა დარჩეს მიმზიდველად ახალგაზრდებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის გაცილებით უფრო მკაცრი და გაუმჯობესებული, დახვეწილი კრიტერიუმების შემოღება უმაღლესი განათლების სისტემისთვის და სწორედ, 2018 წელს ჩვენ ვიწყებთ ავტორიზაციის და აკრედიტაციის სრულიად ახალი, განახლებული სისტემის დანერგვას, რომელიც აღმოფხვრის შესაძლებლობას დაბალი ხარისხის უმაღლესი სასწავლებლისთვის, რომ მან, ასე ვთქვათ, მიიტყუოს ახალგაზრდები და 4 წელი ფუჭად გაატარებინოს ამ უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენ, სამწუხაროდ, დღეს კიდევ გვაქვს ასეთი არაერთი შემთხვევა და ეს პრეცედენტები უნდა აღმოიფხვრას. ილუზიის შექმნა მომავალი თაობისთვის, რომ ისინი იღებენ განათლებას, ამისთვის ინსტიტუტების შექმნა, მათი აკრედიტაცია, შემდეგ ამ ახალგაზრდებისთვის დამატებით სახელმწიფო დახმარების გაწევა, რათა მათ 4 წელი ისწავლონ და შემდეგში გახდნენ უმუშევრები, ან სხვა დანარჩენი დიპლომების რიგში ეს დიპლომი აღმოჩნდეს კიდევ ერთ-ერთი დიპლომი დამატებით და მივიღოთ უკმაყოფილო მოქალაქე, რომელსაც არ ექნება სამსახური და პროფილი, ვერ დასაქმდება, არის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. ამიტომ, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სწორედ ამისთვის არის მოწოდებული განათლების სამინისტრო და მე ძალიან კონკრეტული, ყოველდღიური კავშირი მაქვს დღევანდელ მინისტრთან, წინა მინისტრთანაც ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ თვისობრივ ძვრებს მივაღწევთ. საშუალო განათლება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის; ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საშუალო განათლების სისტემაში და, რა თქმა უნდა, მასწავლებლების მომზადება და სწავლების ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესება - ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სამინისტროს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები.
მე არ მაქვს რეგლამენტით იმის დრო, რომ ძალიან დეტალურად ვისაუბრო ყველაფერზე. ამიტომ, უნდა გადავიდე ეკონომიკური რეფორმის ბლოკზე, ანუ, მე-2 მიმართულებაზე, სადაც ჩვენ უკვე განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი - მოგების გადასახადის რეფორმა. ჩვენ ავიღეთ მაგალითად ესტონური მოდელი, გავაუქმეთ მოგების გადასახადი, ამ წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აღარ არსებობს მოგების გადასახადი და ამ გზით, ჩვენ 500 მილიონი ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი გავაჩინეთ ეკონომიკაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დროულად მიღებული გადაწყვეტილება. რეგიონში, საქართველოს გარშემო არსებული არასახარბიელო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდებოდა შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზაცია დამატებით; ამავე დროს, გვჭირდებოდა ამ ლიბერალიზაციის და ამ გადადგმული ნაბიჯის სწორად გაყიდვა საინვესტიციო საზოგადოებაში, იმისათვის, რომ მოგვეზიდა დამატებითი ინვესტიციები. ჩვენ მივიღეთ ორივე შედეგი, რასაც ველოდებოდით - დამატებითი ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 1%-დან 1,5%-მდე და დღეს 4,9% არის რეალური ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, 11 თვის მონაცემებით. ასევე, ჩვენ გვაქვს გასული წლის მაჩვენებელზე უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, ორი პარალელური ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით საგადასახადო ლიბერალიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ ჩვენ 2017 წლის შემოსავლები ხარჯებთან დაგვებალანსებინა და ჩამოვსულიყავით 3%-იან საბიუჯეტო დეფიციტზე. როგორც ჩვენ ამას ვსაუბრობდით, მოლაპარაკებაში ვიყავით სავალუტო ფონდთან, ჩვენ მოგვიწია ორი ნაბიჯის გადადგმა, ერთი - 140 მლნ ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის, 100 მლნ ლარი იყო სახელფასო ხარჯი, 40 მლნ ლარი იყო ადმინისტრაციული ხარჯი და ამასთან ერთად მოგვიწია სააქციზო გადასახადის შემოღება - საწვავზე, თამბაქოზე და სათამაშო ბიზნესზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ძალიან ჯანსაღი სუვერენული ბალანსი, ძალიან ჯანსაღი ბიუჯეტი; ამან მოგვიტანა Moody's-ის საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესება და ამავე დროს, როგორც მოგახსენეთ, პოზიციური ეკონომიკური დინამიკა. 2018 წლის ბიუჯეტი, ასევე, ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზრდის მაჩვენებელი იქნება კიდევ უფრო მაღალი და ამის ყველა საფუძველი არსებობს, ასევე, გამომდინარე, იმ კაპიტალური დანახარჯებიდან, რომელსაც ჩვენ 2018 წელს გავწევთ და ეს კაპიტალური დანახარჯები იქნება წინაპირობა უფრო მაღალი ეკონომიკური დინამიკისა. ასევე, ეკონომიკური ბლოკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სტარტაპების", ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმების შექმნა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თბილისში გავხსენით „ტექნოპარკი", ასევე, ზუგდიდში, ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია გადავაკეთეთ „ტექნოპარკად", ეს არის დღეს ყველაზე პოპულარული ადგილი ზუგდიდში, სამეგრელოში, ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. თბილისის „ტექნოპარკი" გახდა ცენტრი ინოვაციის, ახალგაზრდების შეკრების, იქ არის საშუალება საუბრის, დიალოგის, იქ არის, ასევე, დანადგარები, რომელიც საშუალებას იძლევა პირველი ეგზემპლარების გამოშვების, პროდუქციის გამოშვების, მიკროჩიპების, არის 3 D პრინტერები და არის ძალიან ბევრი საშუალება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრონ ერთმანეთთან, გაუზიარონ იდეები. იქ არის განთავსებული, ასევე, საპატენტო ოფისი, არის წამყვანი კომპანიების ოფისები და ძალიან კარგი სივრცეა შექმნილი, რომ ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებმა შეძლონ თავიანთი იდეების განხორციელება. ჩვენ დავპატიჟეთ საქართველოში კალიფორნიის შტატიდან, სილიკონ ველიდან წამყვანი კომპანიების მენეჯერები, ისინი ერთი თვე იყვნენ საქართველოში, ჩაუტარეს შესაბამისი ტრენინგი საბჭოს, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა პირველი ნაკადი „სტარტაპ" კომპანიების დაფინანსებისა. დღეს უკვე ჩვენ შედეგად გვყავს დაახლოებით 70 „სტარტაპ" კომპანია დაფინანსებული და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი შეძლებს, წარმატებული ბიზნესი ააშენოს. მე უკვე რამდენიმე მათგანთან მქონდა კომუნიკაცია. მაგალითად, შემიძლია ვთქვა ერთ-ერთი „სტარტაპ" კომპანია, რომელმაც საქართველოში მიიღო პირველი დაფინანსება და ძალიან კარგად მიდის ამ კომპანიის საქმე. ეს არის ჩვენი ეკონომიკის, ჯერჯერობით ისევ დაფარული, ნამდვილად ძალიან დიდი პოტენციალი, რომლის ამოქმედებამაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა მოიტანოს ქვეყანაში. უმთავრესი მაინც, „ტექნოპარკების" და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების არის სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება ახალგაზრდებში, შუა ასაკის ადამიანებში, რომ მათ შეძლონ საკუთარი იდეების დაფინანსება და განხორციელება და მათ შეძლონ არა ის, რომ იშოვონ სამუშაო ადგილები, არამედ თვითონ გახდნენ დამსაქმებლები.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკურ ბლოკში - საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის განვითარება. ჩვენ ვიწყებთ მეორე პილარის მეორე შრის საპენსიო სისტემის დანერგვას. სამწუხაროდ, ჩვენ დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში ვერ შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემის დანერგვის დაწყება. ეს არის რთული რეფორმა, უდიდესი ინსტიტუციური მასშტაბით და ეს არის რეფორმა, რომლის გადადინების ეფექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს დღეიდან 15-20 წლის შემდეგ მომავალი პენსიონერების ღირსეულ სიბერეს, არამედ იგი, ასევე, დააგროვებს ყოველწლიურად ასეულ მილიონობით გრძელვადიან საინვესტიციო რესურსს ადგილობრივ ვალუტაში, რომელიც ჩაისხმევა ეკონომიკაში და გახდება ახალი ძრავა ეკონომიკური განვითარებისა. ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის პარალელურად განვითარება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, უკვე გავაკეთეთ არსებული მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკა, შემუშავებულია საგზაო რუკა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევცვალოთ რეგულაციები, საფონდო ბაზარი გახდეს უფრო ინტეგრირებული ევროპულ საფონდო პლატფორმებთან და გლობალურ კასტოდიუმის ქსელებთან, რათა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც საქართველოში უნდა იყოს საპენსიო რეფორმიდან დაგროვილი რესურსის ასათვისებლად, გახდეს ინვესტირებადი მსოფლიო ინვესტორებისთვის და, ასევე, დანახვადი და ანგარიშსწორება უნდა იყოს შესაძლებელი. ეს სისტემები უნდა იყოს აწყობილი. მე აღარ შევჩერდები ამ ტექნიკურ დეტალებზე. მოკლედ, ეს არის რთული ინსტიტუციური რეფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან კომუნიკაციის კომპონენტით და ამ რეფორმის სწორი კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი, რომ ჩვენ ეს რეფორმა წარმატებით განვახორციელოთ.
თავისუფალი სავაჭრო ქსელის განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება მიდის ძალიან წარმატებით. დღეს ჩვენ ევროკავშირი გვყავს, როგორც პირველი სავაჭრო პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პროცესი მიდის განუხრელად, შეუქცევადად. ჩვენ უკვე დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის ბაზარი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება პირველი იანვრიდან, გახდება ერთ-ერთი, ასევე, უმნიშვნელოვანესი ბაზარი საქართველოს ღვინისთვის. დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 7 მლნ ბოთლი იყიდება ჩინეთის ბაზარზე, ეს არის წარმოუდგენელი დინამიკა და შედეგი, რომელსაც ჩვენ არ ველოდებოდით, ნამდვილად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც 47%-იანი დანამატი ფასში მოიხსნება ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინისთვის, სწორედ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენი ღვინო გახდება კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და იმ ისტორიის სწორი წარდგენით საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არის ყველაზე ძველი, უძველესი მეღვინეობის ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენი ღვინო უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრემიუმ პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოვლენა იყო ბორდოში, მსოფლიო მეღვინეობის ცენტრში ჩვენი მეღვინეობის წარდგენა 4 თვის განმავლობაში. საქართველო იყო წარდგენილი, როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყანა და ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგი.
თავისუფალი სავაჭრო ქსელის განვითარებას ჩვენ მომავალშიც ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ - ინდოეთთან, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დავიწყებთ მოლაპარაკებებს და აქვე მინდა, ვუპასუხო იმ შეკითხვას, რომ ხომ არ დააზიანებს ეს ადგილობრივ წარმოებას, არამც და არამც, ჩვენ ყველა ასეთ ხელშეკრულებაში ჩადებული გვაქვს დაცვის მექანიზმები და ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობით შემოვიდეთ უახლოეს მომავალში პარლამენტში, რათა ჩვენ გვქონდეს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის რეგულაციებით განმტკიცებული და მის სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობა, რომ ჩვენ სწორ მომენტში სწორად დავიცვათ ჩვენი ადგილობრივი წარმოებაც და ექსპორტიორის უფლებებიც.
სივრცითი მოწყობა და სატრანზიტო პოტენციალი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი მომავალი ეკონომიკური და დღევანდელი სტრატეგიის. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ძალიან წარმატებული აბრეშუმის გზის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა", ძალიან წარმომადგენლობითი იყო დასწრება ამ ფორუმზე. უდიდეს ინტერესს იწვევს საქართველო, მთლიანად სამხრეთ კავკასია და მისი სატრანზიტო პოტენციალი და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს, ვინაიდან, ამ ინიციატივას ახლავს ძალიან სერიოზული საინვესტიციო რესურსების მოზიდვის პოტენციალი და ჩვენ ეს პოტენციალი სრულად უნდა ავითვისოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი სივრცითი დაგეგმარება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს განვითარებული ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და არა მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ელექტროგადაცემის ხაზები, ირიგაციის, ანუ სარწყავი ქსელი, ეს უნდა იყოს მოდერნიზებული რკინიგზა და დღეს რკინიგზის მოდერნიზება წარმატებით მიმდინარეობს და ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ღრმაწყლოვანი, ანაკლიის პორტი, რომელმაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სრულიად სხვა საფეხურზე უნდა გადაიყვანოს და მე ძალიან მახარებს ბოლო დღეების დინამიკა, უკვე ძალიან სერიოზული ჩინური კომპანიები ინტერესდებიან დამატებით უკვე არსებული კომპანიებისგან, რომლებიც ამ კონსორციუმში არიან, ეს არის ქართული, ამერიკული წამყვანი კომპანიები, ეს არის პორტის მენეჯმენტის კომპანია სიეტლიდან, რომელიც მსოფლიოში 240 ლოკაციას მართავს, ეს არის გიგანტი კომპანია, რომელიც ანაკლიაში შემოდის არა მხოლოდ მმართველად, არამედ ინვესტორადაც და ეს არის უზბეკური კომპანია და ასევე, ჩინური კომპანია, რომელმაც სულ ბოლო დღეებში გამოთქვა, დაახლოებით, 70 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტირების მზაობა. ეს არ არის დასასრული, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედგება უკვე მთლიანად კაპიტალის სტრუქტურირება და უკვე ორ დღეში მე მივდივარ ანაკლიაში, რომ პირველი ბარი დავარტყათ და ეს იქნება სამშენებლო სამუშაოების დაწყება. მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან, ეს არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც შეიქმნება პორტის გარშემო და ეს არის სრულიად ახალი დინამიკა. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ლოკომოტივი საქართველოს ეკონომიკის მომავალი რამდენიმე ათწლეული განვითარების, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე.
ასევე, მინდა, გითხრათ რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც დასასრულს უახლოვდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2018 წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში, არის ერთ-ერთი არტერია, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო განავითარებს და ეს არის ძალიან ბევრი ალტერნატივის ერთიანი ქსელი, რომელიც სრულიად სხვა ეკონომიკურ დინამიკას მოიტანს საქართველოში. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული გზები, შიდა გზები საქართველოში. ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბი გვაქვს დღეს, 1 830 000 000 ლარი არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, ეს არის დაახლოებით 80%-ით მეტი შარშანდელ მაჩვენებელზე და წლევანდელ მაჩვენებელზე, თუ არ ვცდები, სადღაც, 36%-37%-ით მეტი. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ლარი, ევრო თუ დოლარი, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, არის დამატებითი ინექცია ეკონომიკური ზრდის და ამ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელია კერძო სექტორი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არ არის სახელმწიფო ინვესტიციები და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა დახარჯულ დოლარზე თუ ევროზე უნდა ველოდოთ დამატებით დახარჯულ რამდენიმე დოლარს თუ ევროს კერძო სექტორიდან და ეს არის სამუშაო ადგილები და დამატებითი დინამიკა საქართველოს ეკონომიკისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრი გაიხსნება, ერთი ქუთაისის შემოგარენში და მეორე - თბილისთან ახლოს. ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტებზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ეს იქნება, აბსოლუტურად, თანამედროვე სტანდარტის, ძალიან მოცულობითი, მასშტაბური ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც, პრინციპში, რეგიონული მასშტაბის იქნება და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსთვის შემკრების როლს შეასრულებს. ეს იქნება კერძო-საჯარო პარტნიორობის კიდევ ორი ახალი მაგალითი და ჩვენ ამ მოდელს ძალიან ბევრგან ვიყენებთ უკვე, ეს არის - სამთო კურორტების განვითარება, სადაც სახელმწიფო ამონტაჟებს საბაგირო ქსელს და კერძო კომპანიები იღებენ ვალდებულებას, რომ ააშენონ სასტუმროები, სავაჭრო-გასართობი სივრცეები და ვფიქრობთ, რომ ამ მოდელს ჩვენ კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ მომავალში, ვინაიდან, მთავრობამ წარმოადგინა ჩარჩო-ხელშეკრულება საჯარო-კერძო პარტნიორობის, რომელიც ევრობანკთან ერთად შემუშავდა და ამ ჩარჩო-ხელშეკრულების დანერგვის შემდეგ, უკვე გაცილებით უფრო თანამედროვე სტანდარტების იქნება ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება, ის მოექცევა თანამედროვე სტანდარტებში.
ასევე, მნიშვნელოვანია ენერგოიმპორტის შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება უფრო მეტი აქცენტი მწვანე, სუფთა ენერგიაზე გადატანილი. პირველი ქარის ელექტროსადგური უკვე გაიხსნა გორის მახლობლად და ეს არ იქნება დასასრული. რამდენიმე მიზანშეწონილობის კვლევა უკვე ხორციელდება დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უფრო მასშტაბური ასეთი ინვესტიციები იქნება კიდევ მომავალ რამდენიმე წელიწადში. ასევე, მზის ენერგია, გამომდინარე ტექნოლოგიური პროგრესიდან, რომ იაფდება ასეთი დანადგარები, ჩვენ მეტ აქცენტს გავაკეთებთ სუფთა ენერგიაზე და ჰიდრო დარჩება ერთ-ერთ სტრატეგიულ ხაზად.
ღია მმართველობა - მესამე ბლოკი და სერვისზე ორიენტირებული, მომსახურებაზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფცია არის ასევე ერთ-ერთი ქვაკუთხედი 4-პუნქტიანი გეგმისა. ღია მმართველობა, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს განხორციელებული რეფორმები და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მიიღოს საუკეთესო გამოცდილების შესახებ რჩევები საერთაშორისო პარტნიორებისგან. ჩვენ საფრანგეთის პრეზიდენტისგან გადმოვიბარეთ ესტაფეტა და 2018 წელს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ საქართველოში ღია მმართველობის გლობალური სამიტი. იუსტიციის სამინისტრო არის წამყვანი სამინისტრო ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იყოს, ასევე, პარლამენტის ძალიან მჭიდრო ჩართულობა. ასევე, ჩვენ მსგავსი პლატფორმები, მაგალითად, როგორიც გვაქვს ბიზნესთან და საინვესტიციო საზოგადოებასთან, ეს არის ინვესტორთა საბჭო, რომელიც ევრობანკის ინიციატივით შეიქმნა, სადაც ჩვენ გვაქვს ყოველ კვარტალში ერთხელ დიალოგი ბიზნესსაზოგადოებასთან, სამეწარმეო წრეებთან, განსახორციელებელი და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ანალოგიური პლატფორმა უახლოეს მომავალში შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, შესაძლებლობა იქნება, რომ ცივილიზებული დიალოგი შედგეს ასევე პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე, ჩვენ შევქმენით პორტალი ichange.gov.ge, სადაც 10 000 ხელმოწერის დაფიქსირების შემთხვევაში, გვექნება ვალდებულება, რომ განვიხილოთ მოქალაქეების ინიციატივა.
საერთოდ, 2018 წელი მინდა, გამოვაცხადო საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ გავაფართოოთ ის წრე ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, გათვალისწინება ძალიან ბევრი წინადადების და მეტი ჩართულობა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ. პარლამენტის ჩართულობა, ამ მიმართულებით, იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მე თხოვნა მაქვს, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ განვახორციელებთ ამ ნაბიჯებს თქვენთან ერთად.
თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია არის მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ხაზი ჩვენი ხელისუფლებისთვის და ჩვენ, ჩვენს საპარლამენტო კოლეგებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ კიდევ უფრო მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების გადატანას რეგიონებში. ასევე, ფინანსების განაწილების დროს ჩვენ გვინდა, რომ გაცილებით უფრო მეტი დაფინანსება ჰქონდეს ჩვენს რეგიონებს, იმისათვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიცირებული ადამიანური რესურსი იქნეს მობილიზებული უპირველეს ყოვლისა და კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ ადგილზე, ვინაიდან, საჭიროებები, რომლებიც არსებობს რეგიონებში, ყველაზე კარგად იციან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. თითქოსდა, ეს ბანალური ჭეშმარიტება, ძალიან რთულია განსახორციელებლად, მაგრამ ჩვენ 10-წლიანი სტრატეგია გვექნება, თუ როგორ გავზრდით ნაბიჯ-ნაბიჯ მთლიან შიდა პროდუქტში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებას, რათა ავიდეთ აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების მიმართულებით და ეს იქნება თვისობრივი ცვლილება ჩართულობისაც და რა თქმა უნდა, რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისაც. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ჩართულობის ამ მიმართულებით.
ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მოგახსენოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აგროპოლიტიკა და კოოპერაცია კონკრეტულად დარჩება, როგორც ცენტრალური ხაზი ჩვენი სასოფლო-სამეურნეო აგროპოლიტიკის, რატომ?! იმიტომ, რომ კოოპერაცია აღმოჩნდა ყველაზე მისაღები ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ყველაზე ეფექტური გზა, იმისათვის რომ ჩვენ თავი ავარიდოთ მგრძნობიარე საკითხების მტკივნეული გზით გადაწყვეტას, ანუ, მხედველობაში მაქვს მსხვილი ინვესტორების შემოსვლა, როდესაც წვრილი მეწარმე და წვრილი მფლობელი კარგავს საკუთრებას საკუთარ ქონებაზე. ეს არის გზა, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ კოოპერაციით ვაღწევთ ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, წარმოების ეფექტურობის გაზრდას, მასშტაბის ეკონომიის მიღწევას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნას, საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის ინსტრუმენტი, რომელშიც ჩვენ გვეხმარება ევროკავშირი, გერმანია - GIZ, ამერიკის შეერთებული შტატები, USAID GFG-პროგრამით და ძალიან ბევრი საერთაშორისო დონორი და მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ, ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ფინანსური მექანიზმები, რათა საქართველოში წარმოება გახდეს კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მაღალგანვითარებულ ბაზრებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რატომ?! იმიტომ, რომ მაღალგანვითარებულ ბაზრებზე უფრო მაღალი მოგების მარჟებია და უფრო მეტი სარგებელია ჩვენი მეწარმეებისთვის და წვრილი ფერმერებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, გარემოს დაცვა და ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის მიმართულებით გავცეთ პასუხი იმ შეშფოთებებს და წუხილებს, რომელიც მოჰყვა სტრუქტურულ ცვლილებებს, როდესაც ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო შევაერთეთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან. პირდაპირ მინდა ვთქვა, გარემოსდაცვითი ხაზი არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაძლიერდება დაფინანსებითაც, პრიორიტეტულობის დონითაც. და არა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროში, არამედ აბსოლუტურად ყველა სფეროში და, უპირველეს ყოვლისა, სოფლის მეურნეობაში მწვანე ხაზის განვითარებით და ეკოწარმოების განვითარებით, ეკოტურიზმის განვითარებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მოვლა-პატრონობა და სწორი მოდელის დანერგვა ტყის მოვლა-პატრონობისას. ჩვენ ომს ვუცხადებთ ტყის უკანონო, უმოწყალო ჩეხვას საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ეს უდიდესი გამოწვევა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან, მაგრამ დამერწმუნეთ, მასშტაბები, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი მოსახლეობის, პირდაპირ ვთქვათ, მინიმალური სოციალური დაკმაყოფილების მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ შევეხებით შეშით დაკმაყოფილების საკითხს, აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ მოსახლეობა იყოს იმ მინიმალური მომარაგებით დაკმაყოფილებული, რომელიც მათ სჭირდებათ, რომ სითბო ჰქონდეთ ოჯახებში, მაგრამ, ჩვენ ომს გამოვუცხადებთ იმ უმოწყალო, უკანონო რეწვას, რომელიც დღეს სამწუხაროდ გვაქვს საქართველოში და რომელი კამპანიის წარმატებაც შეუძლებელია მთავრობის, სამართალდამცველების, პარლამენტის და მთელი საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ვაწყენინოთ, სხვანაირად აქ შედეგს ვერ მივიღებთ. ეს არის აუცილებლად განსახორციელებელი და აქ ჩვენ გვეხმარება გერმანია 4 მლნ-იანი აღრიცხვის პროექტით და 1 წელიწადში ჩვენ გვექნება ძალიან ცხადი სურათი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ 1 წელს არ დაველოდებით და დავიწყებთ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ხვალიდანვე ამ მიმართულებით.
შემდეგი საკითხი, რაზეც მინდა, რომ გესაუბროთ ეს არის ჯანდაცვის მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც ძალიან წარმატებულია და რომელმაც საშუალება მისცა, ამოესუნთქა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ მოდელს ვინარჩუნებთ, მაგრამ მივდივართ ამ მოდელის მუდმივი კორექტირების გზით იმისათვის, რომ ეს სისტემა იყოს კიდევ უფრო მეტად საჭიროებებზე ორიენტირებული და არა მარტო ჯანდაცვის სისტემა, არამედ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა იყოს უფრო მეტად საჭიროებებზე ორიენტირებული. აქაც ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრების რეგიონებში გადატანა და აქაც გვჭირდება გარკვეული მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება, იმისათვის, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ნამდვილად არ დგას საჭიროება სოციალური დახმარების, ასეთი ბენეფიციარები გამოვრიცხოთ სისტემიდან; ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ობიექტური რეალობა და კონკრეტულ ოჯახს აბსოლუტურად სასიცოცხლოდ სჭირდება სოციალური დახმარება, არ გვქონდეს შემთხვევები, რომ ასეთი ოჯახები დარჩნენ დახმარების გარეშე. ჩვენ ასეთი კორექტირებები უნდა განვახორციელოთ და ამ გზით მივდივართ. ეს არ შეეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მარტო ჯანდაცვას და სოციალურ უზრუნველყოფას, ყველგან სადაც სახელმწიფო სუბსიდირებებთან გვაქვს საქმე, სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს საჭიროებებზე ორიენტირებულობის პრინციპით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კი არ დავზოგოთ რესურსები, არამედ უფრო ეფექტურად ვხარჯოთ არსებული რესურსი ბიუჯეტში.
შემდეგი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, ეს არის დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. 15 000-მდე ოჯახმა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიიღო მუდმივ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი თუ ახალი აშენებული ფართი. რა თქმა უნდა, ტემპები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ არის დამაკმაყოფილებელი იმ რაოდენობა დევნილებისთვის, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენ გვყავს საქართველოში და აქაც მინდა, მოვძებნო თქვენთან ერთად, დევნილებთან ერთად ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ნაკლებად მტკივნეული იქნება, მაგრამ, ამავე დროს, იქნება მიმართული იქით, რომ ჩვენ განვსაზღვროთ ჩვენი დევნილების საცხოვრებლებით დაკმაყოფილების ტემპი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება და აქაც თქვენი ჩართულობა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს იმ წარმატების შესახებ, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის საერთო აზრია და, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების, რომ ამ მიმართულებაში ჩვენ მივაღწიეთ თვისობრივ გარღვევას. დღეს ჩვენ აღარ გვაქვს მასობრივი უფლებების დარღვევა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და სულ უფრო მეტი და მეტი ჰუმანური მექანიზმი შემოგვაქვს და ეს სისტემა გახდა კიდევ უფრო მეტად ჰუმანური, მაგრამ, მეგობრებო, ჰუმანურობა არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გვქონდეს დისციპლინაც, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული რეფორმაა საჭირო, რომ ჩვენ თანამედროვე სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემაზე გადავიდეთ; კიდევ უფრო მეტად შევამციროთ შანსი ქურდული სამყაროს გავლენისა სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე. ამ მიმართულებითაც ჩვენ მნიშვნელოვანი რესურსის დახარჯვა მოგვიწევს და რა თქმა უნდა, აქ ჩვენ დაგჭირდება კონსოლიდაცია.
ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, შსს-ში დაგეგმილი რეფორმები, ახალი მინისტრი წარსდგა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გეგმით. მას აქვს სრული მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტისგან და როგორც გუშინ გამოჩნდა, ასევე, საპარლამენტო დეპუტაციისგან. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქაც, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც დანაშაულთან ბრძოლაში ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ჩვენც არ ვარ ვართ კმაყოფილები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დანაშაულთან ბრძოლა არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მოზარდებში ძალადობის და დანაშაულის მაჩვენებელი და აქ ჩვენ აუცილებლად მთელმა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, პარლამენტმა უნდა გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ასევე, ძეგლთა დაცვის და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის და საერთაშორისო წარმოჩენის შესახებ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველო წარმოჩინდეს საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უძველესი კულტურის, ძალიან პროგრესული ქვეყანა. რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება ის ღონისძიებები, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ქვეყანა პოზიტიურად წარმოვაჩინოთ გერმანიაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია ის მიმართულებები და პრიორიტეტები, რომელიც სამინისტროს გააჩნია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ. ის რომ სპორტში ჩვენ გვაქვს დღეს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ოქროს მედალი და ყველაზე მეტი პრიზიორი გვყავს, ეს არის ძალიან დიდი სიხარული მთელი ჩვენი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მასობრივი სპორტის განვითარება და ძალიან მისასალმებელია კულტურისა და სპორტის მინისტრის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ინიციატივა სასკოლო ტურნირების განვითარების შესახებ და 2018 წელი ცხადდება ასეთი ტურნირების წლად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტული ღონისძიებების დროს და არა ქუჩური გარჩევების დროს, როგორც ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ტურიზმის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. სავარაუდოდ, წლის ბოლოს გვექნება 7 მლნ-ზე მაღალი მაჩვენებელი, წელს 28%-ით არის გაზრდილი იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებმაც 24 საათზე მეტი დაჰყვეს ქვეყანაში და 2 მილიარდ-ნახევარ დოლარს აჭარბებს ტურიზმიდან შემოსავალი. ტურიზმი გახლავთ ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის ყველაზე სწრაფი, მოცულობითი საშუალება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ყველაზე მეტი ჩართულობაც ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს ტურიზმის მიმართულებით. ამ საშუალებას ძალიან სწრაფად ითვისებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რაც ძალიან გასახარია. სასიხარულოა, რომ წლევანდელი სეზონის დროს, ბათუმში არა მხოლოდ სასტუმროები დაიტვირთა, არამედ ყველა ოჯახში იყო გაქირავებული ოთახი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დამატებითი შემოსავალი შევიდა მოსახლეობაში და ეს არა მარტო ბათუმში იყო.
ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სივრცითი განვითარების მიმართულებაზე დახარჯული თითოეული ლარი, დოლარი თუ ევრო არის დამატებითი დინამიკის მომტანი. ძალიან ბევრი ის პროექტი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, დღეს არის პროექტირების თუ ტენდერის ფაზაში. 2018 წელს ერთდროულად იხსნება ფრონტი მთელი საქართველოს მასშტაბით მეგაპროექტებზე და ეს მოიტანს ძალიან დიდ ეკონომიკურ დინამიკას.
საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, რჩება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა უზრუნველყოს და უმთავრესი ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორი განავითაროს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, იღებს ფუნქციას და საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ვიცე-პრემიერი იღებს ფუნქციას შიდა რეფორმების კოორდინაციის, ამ მიმართულებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. რა თქმა უნდა, სტრატეგიული ხაზის გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამეზობლო ურთიერთობები, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორმატები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულება შორეულ აღმოსავლეთთან, ყურის ქვეყნებთან, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან, სხვა უფრო დაშორებულ რეგიონებთან, იმისათვის, რომ ჩვენ სრულად ავითვისოთ საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტების პოტენციალი, არაღიარების პოლიტიკა გავაგრძელოთ წარმატებით.
...და რა თქმა უნდა, ოკუპაცია, რომელიც ეხება ყველა სფეროს და მე შეგნებულად ვთქვი ეს ჩემი გამოსვლის ბოლოს. ეს არამც და არამც არ მიანიშნებს, რომ ეს არის ჩვენთვის მეორადი თუ უფრო ქვედა რიგის პრიორიტეტი. მე ამას ვახსენებ ბოლოს, იმიტომ რომ ეს არის შემაჯამებელი ყველაფრის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენი ყველა ქმედება არის მიმართული იქით, რომ ეს უდიდესი პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს გადაუწყვეტელი, უდიდესი ჭრილობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ის ჩაკეტილი საბედისწერო წრე რომელზეც ჩვენ დავდივართ, გავხსნათ, გამოვიდეთ ამ წრიდან და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს უმძიმესი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი პრიორიტეტის მქონე პრობლემა მოვაგვაროთ. მოვაგვაროთ და არ დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობას - ჩვენს მომავალ თაობებს, აფხაზეთის და ოსების მომავალ თაობებს. ეს არის პრობლემა, რომელიც საერთო სახალხო ჩართულობით უნდა მოგვარდეს და დამერწმუნეთ, თითოეული ჩვენი შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იწყება და მთავრდება ამ პრობლემით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ხშირად, კულისებს მიღმაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმისათვის, რომ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და მივიღოთ ხელშესახები შედეგები და არსებული ფორმატებიც გავააქტიუროთ. რა თქმა უნდა, ასევე, შემოვიტანოთ ის ინსტრუმენტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ და უფრო მეტი ინსტრუმენტი დავნერგოთ, რათა მივიღოთ მეტი ჩართულობა და გადავდგათ ნაბიჯები, რომ მივიღოთ დაკარგული ნდობა. ეს არ არის მარტივი, ეს შეიცავს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულ ნაბიჯებს. ხშირად, ეს ნაბიჯები, შეიძლება არ იყოს პოპულარული, ყველას მიერ მოწონებული, მაგრამ დიალოგით ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მივიღოთ კონსენსუსი, იმისათვის რომ გადავდგათ ნაბიჯები და ჩამოვყალიბდეთ, რა ტიპის ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და სად და რა მოდელით უნდა მოვძებნოთ ერთობა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, მათი ინტერესებიც დაკმაყოფილდეს.
ჩვენ უნდა პირველმა გადავდგათ ეს ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ქართულ-რუსული განზომილება იყო წამყვანი ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური განზომილება ამ კონფლიქტის. სწორედ ამიტომ, უახლოეს დღეებში ქეთევან ციხელაშვილი წარმოადგენს ძალიან საინტერესო პაკეტს, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, იყო კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენთან ერთად ჩამოვყალიბდებით იმ პაკეტზე ჩვენი ნაბიჯებისა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ნდობის აღდგენის პროცესი, გავააქტიუროთ ეკონომიკური მიმოქცევა და პარალელურად ამისა, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს საერთაშორისო მასშტაბით, იმისათვის, რომ მოვახერხოთ ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის გააქტიურება, დონე ავწიოთ ამ ფორმატში და შევძლოთ ის, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, ამ ფორმატში კონფლიქტის დარეგულირებაზეც ვიმსჯელოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენ ეს ამოცანა უნდა გადავჭრათ. უნდა გადავჭრათ აუცილებლად, იმიტომ რომ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან საგანგაშო. საგანგაშოა, რა თქმა უნდა, ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის კუთხითაც, მაგრამ არის საგანგაშო, ნამდვილად თვითონ აფხაზეთისათვის და თვითონ აფხაზებისათვის, მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით და, რა თქმა უნდა, ოსებისთვისაც - მილიტარიზაცია ამ რეგიონში მიდის შეუქცევადად. ეს არის ყველაზე დიდი იარა საქართველოს სხეულზე და ჩვენ, ერთად ამ იარას აუცილებლად ვუმკურნალებთ.
და რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე - ეს არის საერთო, საყოველთაო, სახალხო ზეიმი ჩვენი ქვეყნის. ეს არის უდიდესი თარიღი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უნდა აღნიშნოს. ეს არის, მართლაც თაობების სისხლით მოტანილი დღესასწაული და ეს არის დღესასწაული, რომელიც საქართველოს ღირსებას, მის თვითმყოფადობას და არა მხოლოდ 100 წლის ისტორიას უსვამს ხაზს. ეს არის დღესასწაული, რომელიც საქართველოს მებრძოლი სულის წარმოჩინებისთვის უნდა გამოვიყენოთ და, რა თქმა უნდა, ეს არის დღესასწაული, რომელიც ყველას ეხება, ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ვინაიდან, ეს დღე არის ყველასი, ერთად შექმნილი და მოტანილი. მე ძალიან მეამაყება, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის შთამომავალი ჩვენ დღეს დარბაზში გვყავს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ძალიან დიდი პატივია ეს ჩვენთვის და მე მოხარული ვიქნები, თუ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთი, არიან ძალიან ღირსეული შთამომავლები პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების, ჩვენ უფრო მეტად ჩავრთავთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის დინამიკაში, პროცესში და ეს იქნება ძალიან დიდი წარმატებაც და ეს იქნება ჩვენი ღირსების საქმეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს 100 წლის იუბილე ემთხვევა, ასევე, ძალიან დიდ თარიღებს, როგორიც არის ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე, რომელიც ჩვენ აუცილებლად ასევე ძალიან ხმამაღლა უნდა აღვნიშნოთ. ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1917 წელს შევქმენით პირველი საუნივერსიტეტო, უნივერსიტეტის მხარდამჭერთა საზოგადოება და 1918 წელს დაფუძნდა ის ინსტიტუცია, რომელიც გაცილებით უფრო ფართო იყო თავისი დანიშნულებით, თავისი ფუნქციით და მნიშვნელოვნად სცდებოდა საგანმანათლებლო ინსტიტუტის ფუნქციებს. ეს იყო ერთ-ერთი იმ დაწესებულებათაგანი, რომელმაც საბჭოთა პერიოდში შემოინახა ეროვნული სულისკვეთება და ამიტომაც, ჩვენი ვალია, რომ ჩვენ ღირსეულად აღვნიშნოთ ეს თარიღი.
ასევე, არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი იმ იუბილეს, რომელსაც ვუახლოვდებით. სულ რამდენიმე დღეში ჩვენ უნდა მივულოცოთ ჩვენს კათოლიკოს-,პატრიარქს 40 წლის იუბილე მისი პატრიარქობის, მისი მეუფების საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ვინაიდან, ამ 40 წლის განმავლობაში საქართველოში აღორძინდა სულიერება. ეს იყო ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც პატრიარქმა, მართლაც, ხელში აყვანილი გამოატარა ჩვენი საზოგადოება და ეს არის ადამიანი, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს მთელ ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, დაშორებითაც, ჩვენს რეგიონში და უფრო ფართოდაც. ეს არის ადამიანი, რომლითაც მთელი ჩვენი ქვეყანა ამაყობს. მე მინდა, დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით მივულოცო მას ეს იუბილე, ასევე, 85 წლის იუბილე და ვუსურვო მას ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მეუფება საქართველოს საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებისა და შესაძლებლობისთვის, რომ თქვენთვის და ასევე, ჩვენი მსმენელისა და მაყურებლისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გეგმების შესახებ, ჩვენი განხორციელებული ნაბიჯების შესახებ, იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც პარლამენტის და საზოგადოების ჩართულობის გარეშე, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაართმევს თავს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მზად ვარ, მოვისმინო შეკითხვები და ასევე, მადლობას მოგახსენებთ, განვლილ პერიოდში ჩვენი რეფორმატორული ნაბიჯების მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ წარმატებაში და თითოეული თქვენგანი არის ამ წარმატების თანამონაწილე.
დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი!
დიდი მადლობა.