საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციას. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.