საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან

2017-11-14

  2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისა და მარგოტ ვალსტრომს შეხვდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მოხარულია, უმასპინძლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორებსა და დამფუძნებლებს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რაც მათი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე მიუთითებს.

საუბარი შეეხო როგორც ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო ფორმატებში არსებულ თანამშრომლობას, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.

ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრეს და აღინიშნა, რომ ამაზე მეტყველებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასებაც, რომლის თანახმად საქართველომ რეგიონში ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია დაიმკვიდრა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მთელი რიგი მიმართულებებით  მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს, რომ ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია, რაც ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს წარმატებებზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ და მარგოტ ვალსტრომმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისა და ქვეყნის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური