საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი კვირიკაშვილი: ევროკომისია საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს

2017-11-10

მინდა ყველას მივულოცო ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ძალიან პოზიტიურად შეფასება. 2017 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის პროგრესი და ხელშესახები შედეგი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
პირველ რიგში, ხაზგასასმელია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პოზიტიურად შეაფასა ვენეციის კომისიამ. ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო კი, როგორც პლურალისტური და დინამიკური.
ამასთან, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები; საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება; ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები; ტურიზმის სფეროში მიღწეული შედეგები და საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.
ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია ის, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს, რომელიც მოხმარდება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის შესრულებას, რაც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის დახმარების 2017-2020 წლების ერთიან ჩარჩო-პროგრამასთან.

ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო არის უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი.
ნიშანდობლივია, რომ ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ბრიუსელის სამიტს, რომელზეც დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული შედეგები ასევე პოზიტიურად შეფასდება.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერის როლი ძალიან დიდია ამ პროგრესში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი საერთო წარმატებაა.