საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერი დიდგორობა 2017ს დაესწრო

2017-08-12

მინდა, ყველას მივულოცო დიდგორობა - ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორის ველზე განაცხადა, სადაც "დიდგორობა 2017"-თან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.


პრემიერმა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, ასევე ნახა საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა.
"დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა, სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით და რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ "ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო", ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს, სპეციალურად დიდგორობისთვის, ეწვია ყივჩაღი ყაზახეთიდან, ფონდ "საღადათ ნურმაგამბეტოვის" პრეზიდენტი საფარ ისკაკოვი, რომელმაც ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართველთა და ყივჩაღთა საერთო დღესასწაული, რადგან დიდგორის ველზე, თავსუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებთან ერთად ყივჩაღების სისხლიც დაიღვარა.
პრემიერ-მინისტრმა მას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდგორი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ასევე არის ყაზახ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობის სიმბოლო.
დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური