საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა კურორტი “ბიოლი“ დაათვალიერა
2017-08-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი" დაათვალიერა. პრემიერმა კურორტის განვითარების უდიდეს პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზ მჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობის მეთაური მიესალმა დავოსის მერის ტარცისიუს კავიეზელისა და მისი მეუღლის საქართველოში სტუმრობას და შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან საინტერესო, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა. "შვეიცარია ნამდვილად გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის და მსოფლიოში იმით, რომ ისე განავითარა საკუთარი მთიანი რეგიონები, რომ შეინარჩუნა ავთენტურობა. სწორედ ამის სწავლა გვინდა ჩვენ შვეიცარიისგან. ასევე მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში გასულ შემოდგომას ჩამოსული იყო შვეიცარიის პარლამენტის სპიკერი ქალბატონი კრისტა მარკვალდერი, წელს შემოდგომაზე კი, ჩვენ ველოდებით შვეიცარიის პრეზიდენტის ქალბატონი დორის ლუთარდის ვიზიტს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია. პრემიერ-მინისტრმა დავოსის მერი, მომავალ წელს ბაკურიანში მიიწვია, სადაც საქართველოში ჰოკეის პირველი არენის გახსნა იგეგმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - მიკროგრანტების პროგრამა, "აწარმოე საქართველოში", აგროტურიზმის განვითარება, ყველაფერი მივაბათ ტურიზმს, რათა ადამიანმა დაინახოს უმნიშვნელოვანესი კავშირი, რომელიც არსებობს თითოეულ დამატებით ჩამოსულ ტურისტსა და საქართველოში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას შორის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. კოჯორში მდებარე კურორტი „ბიოლი" საქართველოსთვის ინოვაციური ნაბიჯია, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა სადაც ხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. პროექტში 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|