საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულები დააჯილდოვა

2017-08-112017-08-11

 

იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და იცოდეთ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებსაც, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, დღეს ჯილდოები გადაეცათ.

პრემიერის შეფასებით,უდიდესი წარმატებაა, როდესაც ამდენი ახალგაზრდა საერთაშორისო ოლიმპიადებიდან ამდენი მედლით ბრუნდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა - ეს ის სფეროებია, რომლებშიც მეცნიერები საქართველოს ძალიან სჭირდება.
"ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებში საქართველოს ჰყოლია მსოფლიო დონის მეცნიერები და დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში, როდესაც თქვენ გიყურებთ, ვუყურებ ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენი ქვეყნის მეცნიერების მომავალს. მინდა ვთქვა, რომ განათლება არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი, განათლებაში ინვესტირება ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით განვითარებისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლებს მიღწეული წარმატებები მიულოცა.

"წარმომიდგენია, როგორ გაბრწყინდება საქართველო, როდესაც თქვენ იქნებით მეცნიერების სათავეში და ღმერთმა იცის, კიდევ თითოეული თქვენგანი რა წარმატებებს მიაღწევს. მე ასევე მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ საერთაშორისო ეტაპზე, მაგრამ ძალიან ბევრი იშრომეს. მინდა ვუთხრა მათ, გული არ გაიტეხონ, რადგან დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვების მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წელს ხუთ დისციპლინაში - მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში წარადგინა. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ვეკუას №42 საჯარო სკოლისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ოლიმპიადიდან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს, სულ 14 მედლით დაბრუნდნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური