საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ერთობლივი პრესკონფერენცია

2017-08-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვართ რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, არამედ ამ მოკლე პერიოდში, შეძენილ საქართველოს დიდ მეგობარს, ბატონ მაიკ პენსს და მოხარული ვართ, რომ იგი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად.
მიუნხენში ჩვენი მოკლე გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, პატივი მქონდა, ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით გამემართა შეხვედრები ვაშინგტონში, დღეს კი თბილისში გავაგრძელეთ ჩვენი დიალოგი.
თქვენი სტუმრობა, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში, ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპის და თქვენს დიდ სურვილს, გააღრმავოთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, რისთვისაც მე დიდ მადლობას გიხდით.

წელს 25 წელი შესრულდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, და ამ პერიოდის განმავლობაში, ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცების და ნატოში გაწევრიანების გზაზე იყო და არის უმნიშვნელოვანესი.
თქვენი დახმარების შედეგად, საქართველო დღეს აღარაა არც საბჭოური და არც პოსტ-საბჭოური ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული, ევროპული დემოკრატია. ასევე, ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში.
ქართველი ხალხი დიდად აფასებს ამერიკელი ხალხის მეგობრობას, გვერდით დგომას და მტკიცე მხარდაჭერას.
ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის.

პირველ რიგში, მინდა გამოვყო და მივესალმო ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თქვენი შეხვედრა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ისე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ. წელს ჩვენ შევათანხმეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობისა და მდგრადობისთვის.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს ამ 25 წლის განმავლობაში და დღეს ჩვენ დღეს მოხარული ვართ, რომ ჩვენ უფრო მეტად საინტერესო ვხვდებით ამერიკული ბიზნესისთვისაც. ჩვენ დღეს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებელითა და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობა გახლავთ. ჩვენი მიზანია, ამერიკულ ბიზნესინტერესებს შეუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია, ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. "კონტი ჯგუფის" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად, მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ ოპერატორ კომპანია SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე, განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს.

ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოების მდგრადობას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით მომავალშიც.
ჩვენ ვართ ის პარტნიორი, რომელიც მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელზე იქნება დაფუძნებული.
საქართველო ამერიკისთვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს ასევე იმის გამოც, რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, ისეთი, როგორიცა დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ამერიკამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენი დემოკრატიული განვითარება კი წინაპირობა გახლავთ იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ მდგრადი და სტაბილური სახელმწიფოს განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. უპრეცედენტო იყო პრეზიდენტ ტრამპის, პირადად თქვენი, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო და ახალი ადმინისტრაციის და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენს ქვეყანას აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით, მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით.
და ბოლოს, მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას და მიღწეულ შედეგებს. მეტად ვაფასებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ვიცე-პრეზიდენტი პირველი ორმხრივი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია საქართველოს. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს საქართველოში სტუმრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას.
ამავდროულად, მოხარული ვართ, ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, ასევე ჩვენს ამერიკელ სტუმრებს გავაცნოთ ქართული კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა, რომლითაც ესოდენ ამაყობს ქართველი ერი.
დიდი მადლობა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი:

პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამ სიტყვებისა და იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც თქვენ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოიჩინეთ. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ მე მქონდა თეთრ სახლში თქვენი მასპინძლობის პატივი. ახლა კი ჩემთვის დიდი პატივია, ულამაზეს და ისტორიულ ქვეყანაში - საქართველოში ვიყო თქვენი სტუმარი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თქვენთვისა და ქართველი ერისათვის შემდეგი ნათელი გზავნილის გადმოსაცემად მომავლინა - ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ თქვესნ გვერდით ვართ, ჩვენ ვამაყობთ მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენსა და ქართველ ხალხს შორისაა. ერთი სიტყვით, აქ ვარ, რათა გითხრათ, ამერიკა - პირველ რიგში, არ ნიშნავს მარტო მყოფ ამერიკას.

წელს აღინიშნება აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. თუმცა, საქართველოს ისტორია ბევრად უფრო ადრე იწყება. იმპერიებისა და ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფმა ქვეყანამ, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს აკავშირებს, ათასწლეულების განმავლობაში შეძლო, შეექმნა საკუთარი ენა, საკუთარი ტრადიციები და საკუთარი იდენტობა. დღეს ქართველი ერი მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი თავისი კულტურით, რომლის გაზიარების საშუალებაც მოგვეცა გუშინ მე და ჩემს მეუღლეს. გუშინ ვისიამოვნეთ ქართული კერძებით და ტრადიციული ცეკვებითა თუ სიმღერებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იქმნებოდა. ჩვენ ასევე აღფრთოვანებული ვართ რწმენის დიდებული ისტორიით - მე და ჩემი მეუღლე მოუთმენლად ველით ნაშუადღევს სიონის საკათედრო ტაძარში სტუმრობასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მონახულებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი სტუმრობაა ამ ქვეყანაში, ქართველი ერის სიმამაცე და სულისკვეთება დიდი ხანია, რაც აღმაფრთოვანებს. მხოლოდ ერთი თაობით ადრე, ეს სახელმწიფო მაშინდელი საბჭოთა კავშირის მარწუხებში იყო მოქცეული. ამ ძალმომრეობითი რეჟიმის დასრულებისთანავე, თქვენ აღიდგინეთ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. თქვენ მეგობრობის ხელი გაუწოდეთ ევროპასა და ამერიკას და ჩვენ სიამაყით ჩამოგართვით ხელი. დღეს მე მოვუწონე პრემიერ-მინისტრს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ, მისი ევროპასთან დაახლოებისა და ნატოს წევრობისკენ გადადგმული ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრის მიერ განხილული მიზნების მიღწევა კიდევ უფრო დააახლოებს სახელმწიფოს ნატოსთან და გაამყარებს კავშირებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ჩვენს შორის არსებული კავშირები არც ერთ სფეროში არ არის ისეთი მყარი, როგორც მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში თქვენ მიერ გაწეული წვლილის კუთხით. საქართველო აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. 2004 წლიდან მოყოლებული, ათასობით ქართველი იბრძვის ამერიკელების მხარდამხარ კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. მადლიერებით აღვნიშნავ იმასაც, რომ მხოლოდ ავღანეთში ქართველთა მიერ გამოყოფილი სამხედრო ძალა, ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, აღემატება მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ გაღებულ კონტრიბუციას. ამერიკელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება და იგლოვებს იმ 31 მამაც ქართველს, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ; ამ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ჩვენს გულში ყოველთვის ექნებათ თავიანთი ადგილი.

დღეს მოგვიანებით, მე შევხვდები „ღირსეული პარტნიორის" პროგრამის მონაწილეებს. ამ ინიციატივამ ამერიკის, საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეაიარაღებული ძალები გააერთიანა წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. აქტივობა მიზნად ისახავს, გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ეს აშშ-ის საქართველოსადმი არებული პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი მაგალითია. პრეზიდენტი ტრამპი და მე მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო ერთ დღეს ნამდვილად გახდება ნატოს წევრი. როგორც პრემიერ-მინისტრთან საუბრისას აღვნიშნე, ნამდვილად შთამბეჭდავია ის, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ნატოს წევრებისათვის დაწესებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2 პროცენტი უნდა დაიხარჯოს. თუმცა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის თავდაცვაზე გაწეული ხარჯი აუცილებლობითაა გამოწვეული. ამჟამად, ვიდრე ჩვენ აქ ვიმყოფებით, ამ ადგილიდან სულ რაღაც 40 მილის მოშორებით, რუსული ტანკები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სამხრეთ ოსეთში არიან განლაგებული. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციას. ყველასათვის ნათელი რომ იყოს, - აშშ-ი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ამერიკა უარყოფს ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ დროს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოწოდებული იქნება, შეარყიოს ეს მნიშვნელოვანი პრინციპი. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედება. ჩემი აქ ყოფნის მიზანია, ქართველ ერამდე მოვიტანო ეს მნიშვნელოვანი გზავნილი.

პრეზიდენტი ტრამპი, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, აპირებს მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების კოდიფიცირებასა და განმტკიცებას უზრუნველყოფს. როგორც ყოველთვის, ჩვენი ქვეყანა მოწოდებულია, შეინარჩუნოს თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან; თუმცა, პრეზიდენტი და კონგრესი ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ უკეთესი ურთიერთობა, სანქციების მოხსნა მხოლოდ რუსეთის მიერ იმ მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომლებმაც ეს სანქციები გამოიწვია. ჩვენ უკეთესი მომავლისა და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გვაქვს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის მიერ განხორციელებული დიპლომატიური მოქმედებები ამერიკის მიერ საკუთარი უსაფრთხოების, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული მშვიდობისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ შეაჩერებს. აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რათა ამ ქვეყანამ შეძლოს, დაძლიოს საკუთარი პრობლემები და დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას. ამერიკას სურს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება.
პრემიერ-მინისტრო, თქვენ მიერ ინიცირებული რეფორმები ცხადყოფს თქვენს გახსნილობასა და მზაობას, დაამყაროს უფრო მჭიდრო ბიზნესურთიერთობები დასავლეთთან. დღეს მე მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს მისი ლიდერული როლისათვის, რამაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების წინაპირობა შექმნა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ასევე ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების კუთხით არსებულ პოტენციალს. ამ მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებაში, ქართულ მხარესთან ერთად, ამერიკული კომპანიებიც მონაწილეობენ. მომავლის ანალიზისას ნათელი ხდება, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთის კეთილდღეობის შესაქმნელად.
ამერიკა საქართველოს გვერდით მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იდგა და პრეზიდენტი ტრამპი და მე განვაგრძობთ თქვენს, როგორც პარტნიორებისა და მეგობრების, მხარდაჭერას და ერთ დღეს მოკავშირეები გავხდებით. საქართველოს მომავალი დასავლეთშია და, როგორც ქართველმა ხალხმა მრავალი საუკუნის წინ თქვა, ძალა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს ერთობაში. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თქვენი სტუმართმოყვარეობისა და ძლიერი ლიდერული სულისკვეთებისათვის, რომლითაც ხელმძღვანელობთ სახელმწიფოს. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ქართველი ერისა და ჩვენი დიადი სახელმწიფოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის.


კითხვა-პასუხი:

საზოგადოებრივი მაუწყებელი:

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენ ბალტიისპირეთში ვიზიტისასაც თქვით, რომ აშშ-ი ყოველთვის დგას თავისუფლების სადარაჯოზე. ცნობილია ის ფაქტიც, რომ აშშ-ი ყოველთვის იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი. იმ ფონზე, როდესაც გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ირღვევა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებები, როგორ ფიქრობთ, რა ქმედებები შეიძლება განახორციელოს საქართველომ პარტნიორებთან ერთად ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

მაიკ პენსი:

როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ პრინციპზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსულმა ტანკებმა დაიკავეს აფხაზეთი და ოსეთი. ჩვენ მომავალშიც არ ვუღალატებთ ამ მტკიცე პოზიციას. გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი ერთობლივი სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ჩვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მტკიცე მხარდაჭერის ნათელ მაგალითს.
ჩვენ ასევე გვჯერა, რომ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, კიდევ უფრო გაძლიერებული და აყვავებული საქართველო შეძლებს ქვეყნის მთლიანობისა და თავისუფლების აღდგენას. ასე რომ, აშშ-ი გააგრძელებს გზების ძიებას, რომლებითაც ჩვენ შევძლებთ საქართველოს გაძლიერებას არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური კუთხითაც, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილი იქნება შესაძლებლობები და კეთილდღეობა. ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს, რათა მან ერთ დღეს შეძლოს თავისი ისტორიული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

გიორგი კვირიკაშვილი:

დიდი მადლობა შეკითხვისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვიცე-პრეზიდენტს ძალიან მკაფიო გზავნილისთვის და ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს აქვს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მხრიდან. როგორც ითქვა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ძალიან ღრმა პრობლემა, რომელსაც სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა, ერთის მხრივ საქართველოში სტაბილურობის, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფის კუთხით, ხოლო მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, თანმიმდევრულობით, ჩვენი ეკონომიკური განვითარებით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, პირველ რიგში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით.

Washington Post:

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, რუსეთის მხრიდან სანქციებზე ნეგატიური რეაქციის, ასევე ნატოს ტერიტორიების საზღვრებთან მის მიერ საწვრთნელად 100 000 ჯარისკაცის გაგზავნის გათვალისწინებით, მართლაც გჯერათ, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია, როგორც ეს თქვენ და პრეზიდენტ ტრამპს გსურთ?
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე ძალიან რეალურია. ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, რა გარანტიები გაქვთ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, რისი საფრთხეც არსებობს, აშშ-ი დაიცავს საქართველოს?
მაიკ პენსი: გმადლობთ შეკითხვისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა გამომაგზავნა ძალიან მკაფიო გზავნილით ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, ქართველი ხალხისთვის და შემდეგ მონტენეგროსთვის - ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში დაუდგება თავისუფლებისმოყვარე ერებს. ამას, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ დავადასტურებთ საქმით. ეს არ იქნება ლიტონი სიტყვები. ამერიკის შეიარაღებული ძალები პოლონეთში, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ესტონეთში, რომლებთანაც მე მქონდა შეხვედრა გუშინ, - ყოველივე ეს არის კონკრეტული დემონსტრირება იმისა, რომ ნატო ერთგულია მეხუთე მუხლის თანახმად აღებული ვალდებულებებისა. რუსეთის მიმდინარე წვრთნები, რომლებშიც, როგორც დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები იუწყებიან, ბელარუსში 100 ათასი რუსი მებრძოლია ჩართული, მხოლოდ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცხადე თავად ნატოს პარტნიორობის წიაღში. მე და პრეზიდენტი ტრამპი ვთვლით, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ალბათ შესაძლებელია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, - ვნახოთ. მეორე მხრივ, მოლაპარაკებები მხარეთა შორის ყოველთვის იწყება მხარეთა პოზიციების აღიარებითა და პატივისცემით. სანქციებით, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი ამ კვირაში მოაწერს ხელს, რითაც მოხდება ამერიკის მიერ მათი დაკანონება, ჩვენი ქვეყანა აგზავნის ძალიან მკაფიო გზავნილს და მოუწოდებს თავის ევროპელ მოკავშირეებს, შეუერთდეს მას ამ მკაფიო გზავნილში, რომ ჩვენ სიტყვას საქმით ვადასტურებთ, რომ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედებები უკრაინაში და ისეთი დესტრუქციული რეჟიმების მხარდაჭერა, როგორიცაა ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა, - რუსეთმა ეს დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. მეორე მხრივ, ჩვენ გვჯერა, რომ სიცხადისა და სიმტკიცის გამჟღავნებით ჩვენ მივაღწევთ ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვას. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ აშშ-ის მხრიდან სწორედ მტკიცე გადაწყვეტილებისა და მიზანმიმართულობის მკაფიოდ გამოხატვის ნაკლებობა იყო დღეს მსოფლიოში არსებული არასტაბილურობის მნიშვნელოვანი მიზეზი. წარსულში ამერიკა საუბრობდა წითელ ხაზზე, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებდა ამ წითელ ხაზებთან დაკავშირებით. ბევრი თვლის, რომ სწორედ ამან მისცა ზოგს გამბედაობა, გაეკეთებინათ ის, რასაც ისინი სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდნენ. ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ შესაძლებელია მშვიდობის დამყარება სიმტკიცის მეშვეობით, და რომ მტკიცე და მკაფიო პოზიციას შეუძლია გულახდილი დიალოგის წინაპირობის შექმნა, დიალოგისა, რომელიც, იმედი გვაქვს, შედეგად მოიტანს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ხანგრძლივი დავების გადაწყვეტას უკრაინაში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.


გიორგი კვირიკაშვილი:

გმადლობთ, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. მადლობა შეკითხვისთვის. ჩემი აზრით, ამ ძალიან ნათელი გზავნილით - „ჩვენ თქვენთან ვართ!" ყველაფერია ნათქვამი. საქართველო ყოველდღიურად აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზების გასწვრივ, გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან, ეთნიკური ქართველების დაკავებასა და გატაცებასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან, მაგრამ პასუხი ამაზე უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი მიზანმიმართულობა და თანმიმდევრულობა, იმ მიზნების ერთგულება, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული. რასაკვირველია, ნატოში გაწევრების საბოლოო მიზანი თავად საქართველოს მოსახლეობის მიერ არის დასახული და ჩვენც მივყვებით ამ ურთულეს გზას, რისთვისაც ვახორციელებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმას და ვავითარებთ ინსტიტუციურ დემოკრატიას ქვეყანაში. მერწმუნეთ, თანმიმდევრულობით და მიზანმიმართულობით, ჩვენი გზავნილების სიცხადით, ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს და უზრუნველყოფს გრძელვადიან სტაბილურობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. ჩვენ, ქართველებს, გვჯერა, რომ ამას შევძლებთ.

Reuters:

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, სად გადის წითელი ხაზები, სად გადის ვაშინგტონის წითელი ხაზი რუსეთის მიმართ, განსაკუთებით, საქართველოსთან დაკავშირებით. ამასთან, ესტონეთში ვიზიტისას აღნიშნეთ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში აშშ-i ინტერვენციას მოახდენს. მაინტერესებს, როგორი იქნება თქვენი რეაქცია, თუ რუსეთის აგრესია შეეხება საქართველოს - ნატოს პარტნიორ ქვეყანას. დიდი მადლობა.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვეყოფა მოთმინება ნატოს წევრობის მისაღწევად? ჩვენ ვიცდით, თქვენ იცდით, საქართველოს მოსახლეობა უკვე კარგა ხანია იცდის.

მაიკ პენსი:

დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის არსი ურთიერთდაცვაშია. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ერთ ჩვენგანზე თავდასხმა ყველა ჩვენგანზე თავდასხმის ტოლფასია. ამერიკის პრეზიდენტმა მომავლინა ნათელი გზავნილით, რათა შემეტყობინებინა ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის, ნატოს უახლესი წევრისათვის, სადაც დღეს გავემგზავრები, რომ აშშ-ი ამბობს იმას, რასაც აპირებს და აპირებს იმას, რასაც ამბობს, და ჩვენ არ დავარღვევთ ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას დღევანდელ პრემიერ-მინისტრსა და, ზოგადად, საქართველოს მთავრობასთან, რათა განვავითაროთ ის მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ მიაღწია არაჩვეულებრივ წინსვლას არა უბრალოდ გასული 25 წლის განმავლობაში, არამედ ბოლო ხუთი წლის მანძილზე. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი პროგრესი გაამყარებს მის განაცხადს ნატოს წევრობაზე. რაც შეეხება რუსულ აგრესიას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, რისი შედეგიც არის ის, რომ დღეს რუსული ტანკები დგანან ქართულ მიწაზე, აქედან 40 მილში, აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერას. ჩვენ მტკიცედ ვიდგებით ძლიერი და მთლიანი საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ზრდის კუთხით და გავაგრძელებთ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიებას, რაც ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგენას შეუწყობს ხელს.

გიორგი კვირიკაშვილი:

დიდი მადლობა, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს პროცესი მოთმინებას საჭიროებს. მე ვიტყოდი, რომ ეს მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ. დღეს ჩვენს ხელთაა ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ნატოში გაწევრიანებაში დაგვეხმარება. ჩვენს ხელთაა არსებითი პაკეტი, რომელსაც წარმატებით ვახორციელებთ. ამასთან, აშშ-თან ერთად ვახორციელებთ საქართველოს თავდაცვისთვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც არსებითი პაკეტის ნაწილია. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ლიდერებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკის ხელმძღვანელობას ვგულისხმობ და ნატოს ლიდერებს, არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ნატოს წევრების გარდა, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველო, გახდეს ნატოს წევრი. მხოლოდ ნატოს წევრ და აპლიკანტ ქვეყნებს აქვთ ნატოში საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. გმადლობთ.


The Wall Street Journal:

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენ ისაუბრეთ ახალ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის სანქციების კოდიფიცირებას ისახავს მიზნად და აღნიშნეთ, რომ ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ გაუმკლავდება აშშ-ი რუსეთის აგრესიას. მაგრამ განა ტრამპის ადმინისტრაცია არ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის მიღებას იმის შიშით, რომ ეს ასუსტებდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას კონგრესის სასარგებლოდ? რამ გადააწყვეტინა თეთრ სახლს ამ კანონზე ხელის მოწერა?

ბატონო პრემიერ-მინისტრო, აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ რუსეთი ცდილობდა ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. რუსეთთან ასე ახლოს იმყოფებით და იმის გათვალისწიებით, რომ რუსულ პროვოკაციებთან გიწევთ გამკლავება, შეგიძლიათ ურჩიოთ აშშ-ს, როგორ გაუმკლავდეს რუსეთის მცდელობას, ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში და გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლებზე?

მაიკ პენსი:

დიდი მადლობა. პრეზიდენტი ტრამპი კანონპროექტს ახლო მომავალში მოაწერს ხელს. ჩვენს ადმინისტრაციას ჰქონდა გარკვეული დათქმები კანონპროექტთან დაკავშირებით. პრობლემა უკავშირდებოდა იმას, რომ საკანონმდებლო აქტი სახელმწიფო დეპარტამენტსა და ადმინისტრაციის სხვა ორგანოებს არ აძლევდა საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის საჭირო მოქნილობის ტრადიციულ საშუალებას. მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტზე მუშაობისა და საკანონმდებლო პროცესის შედეგად, კანონპროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კანონპროექტი არა მარტო მოახდენს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების კოდიფიცირებას, რასაც ჩვენი ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს, არამედ აგრეთვე გააძლიერებს ამ სანქციებს და მისცემს პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკული საგარეო პოლიტიკის წარმართვისთვის მეტ შესაძლებლობასა და მოქნილობას. ნება მომეცით განვაცხადო, რომ ამ სანქციების დაწესებისას პრეზიდენტი და კონგრესი სრულიად ერთსულოვანი არიან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც პრეზიდენტმა ასე კარგად ისაუბრა ვარშავაში. მაგრამ რუსეთის აქტივობები, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს, მისი მცდელობა, მხარი დაუჭიროს დესტუქციულ რეჟიმებს, შეცვლას საჭიროებს. იმისთვის, რომ შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, უნდა შეიცვალოს რუსეთის ქცევა. ეს სანქციები, ჩემი აქ ყოფნა, პრეზიდენტის მკაფიო და მტკიცე პოზიცია, რომლითაც მან დაადასტურა ჩვენი ალიანსის მიზნები და ღირებულებები დასავლეთში, გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენ ვივლით უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების, უკეთესი მომავლისა და უფრო მშვიდობიანი სამყაროსკენ.

გიორგი კვირიკაშილი:

დიდი მადლობა. პირველ რიგში, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ამერიკა საქართველოსთვის. ჩვენ გულწრფელად გვსურს, ვიხილოთ ძლიერი ამერიკა, რომელიც წინ აღუდგება გლობალურ გამოწვევებს. არა მგონია საქართველო იმ ვითარებაში იყოს, რომ ისაუბროს რუსულ ჩარევაზე. ჩვენი დაზვერვის „შესანიშნავმა" შესაძლებლობებმა არ მოგვცა რაიმე სახის ჩარევის შემჩნევის საშუალება. ჩვენ ვთვლით, რომ ამერიკელმა ხალხმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება და აირჩია პრეზიდენტი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს უფრო მჭიდრო პარტნიორობა აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან. დიდი მადლობა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური