საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი SSA Marine-ი ხდება
2017-08-01 უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. „კონტი ჯგუფის" შემდეგ, SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს. ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ვოტტერსთან და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებთან. მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკა საქართველოს უწევს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო, საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის; დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა.
|