საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ისრაელის ქართულ დიასპორასთან
2017-07-25 ჩვენ ისრაელთან გვაქვს ყველაზე დიდი ერთობა არა მხოლოდ ემოციურ, არამედ - სტრატეგიული ინტერესების დონეზე, ამიტომ, ეს ურთიერთობა უნდა ავსახოთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობაში და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი ეს არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იერუსალიმში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მეგობრობის განმტკიცებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა მზარდი მაჩვენებლები ტურიზმის მიმართულებით და განაცხადა, რომ გასულ წელს ისრაელიდან საქართველოს 100 ათასი ტურისტი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის, მათი რიცხვი სავარაუდოდ 150 ათასს გადააჭარბებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავრობის მხრიდან ძალიან დაფასებულია. გიორგი კვირიკაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტსა და პარლამენტის სპიკერთან გამართული შეხვედრების შესახებაც ესაუბრა, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს დაეთმო. პრემიერმა ასევე აღნიშნა შეხვედრა ქნესეთის ოპოზიციასთან და სტუმრობა Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში, სადაც განხილული იყო ისრაელსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. "ჩვენ ამ ამ ურთიერთობაზე იქნება დაფუძნებული მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე. ეს მეგობრობა არის ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს სრულმასშტაბიანი პარტნიორობა ისრაელის სახელმწიფოსთან და განვავითაროთ ის მიმართულებები, სადაც ჩვენ კიდევ დიდი რესურსი გვაქვს ასათვისებელი - სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში და უსაფრთხოების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა უკვე ტრადიციულად ძალიან განვითარებულია, მაგრამ ჩვენ აქ კიდევ ვხედავთ დიდ რესურსს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრმა გულთბილი მასპინძლობისთვის ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრის მოადგილე ციპი ჰოტოველის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ისრაელის ქართული დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მათ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პრემიერ-მინისტრთან გულწრფელი საუბარი და თბილი შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
|