საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან

2017-07-13

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.

ყურადღება დაეთმო ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებს. საუბრისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღნიშნა, რომ ამაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს.

გიორგი კვირიკაშვილმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც ეკონომიკის, განათლების სისტემის, მმართველობის რეფორმასა და ქვეყნის სივრცით მოწყობას გულისხმობს. საუბარი შეეხო საპენსიო და კაპიტალის ბაზრის, ასევე - ფისკალურ რეფორმას.

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ევროპის საინვესტიციო ბანკის გეგმა, სუვერენულის გარდა, გაააქტიუროს კერძო სექტორის დაფინანსება და იმედი გამოთქვა, რომ ამ შესაძლებლობით სარგებლობას შეძლებენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომელთა ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტ Innovfin-ს, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ემსახურება და აღინიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური პროექტების განვითარებას.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო კერძო სექტორში, არასუვერენული პროექტების დასაფინანსებლად, EIB-ის მიერ გამოყოფილია 188 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური