საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა

2017-07-12

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საქართველოს მთავრობის საგარეო მიმართულება, რაც ყოველთვის ასე იყო, თუმცა ეს დანიშვნა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში.

„პაპუნამ ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა. ვფიქრობთ, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე, პაპუნა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას, იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე, რომ ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებლად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური