საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

წინანდლის ფესტივალისთვის მზადება იწყება

2017-07-06

წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება, - იწყება მზადება საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წინანდლის ფესტივალს, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს, უმაღლესი დონის არტისტების შესრულებასთან ერთად, განათლების კომპონენტიც ექნება.

პროექტი „სილქ როდ ჯგუფთან" ერთად ხორციელდება, თანადაფინანსებას კი ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზებაში ჩართულნი არიან პროფესიონალები ევროპის ქვეყნებიდან, ასევე - ისრაელიდან, რომლებიც ამ ტიპის ყველაზე ცნობილ ფესტივალებს ევროპის მასშტაბით აკეთებენ.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ წინანდლის ფესტივალი, როგორც კახეთის რეგიონის, ისე საქართველოს მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური