საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან
2017-05-09 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის მნიშვნელობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ მაკკეინმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. სენატორის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|