საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო

2017-05-06

 

 

„საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ გვესმის, თუ რას ნიშნავს ევროპული იდეების ერთგულება და ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო საქმეში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილი ღონისძიებას ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად დაესწრო. პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას ევროპის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„9 მაისი მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ვინც იზიარებს ისეთ ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა, ვინც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.  აი, ასეთ ევროპას ვხედავთ ჩვენ, რომლის დასაცავად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ:

·       თავისუფალი, ტოლერანტული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ევროპა;

·       თავდაჯერებული და, ამავდროულად, თავმდაბალი ევროპა;

·       ევროპა კედლებისა და ბარიერების გარეშე;

·       ევროპა, რომელიც ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე, რათა ხელი შეუწყოს სხვათა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

ერთი სიტყვით, ერთიანი და თავისუფალი ევროპა. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ ხედვა და თავიანთი მოქალაქეებისთვის მისი წარმატებით გაცნობის უნარი. ევროპა არის ჩემი ხედვა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია, და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. ჩვენ ამის გვწამს,"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ევროპაა, რომელიც ათწლეულების მანძილზე ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტია, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას.

„დღეს ჩვენ ვართ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების უპრეცედენტო ზრდის მოწმენი: ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ჩვენი დიდი მიღწევა - უვიზო მიმოსვლა. პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ინსტიტუციურად, ვერც ერთი ქვეყანა ჩვენს რეგიონში ვერ დაიკვეხნის ასეთ დაახლოებას ევროკავშირთან. ჩვენი მიზანია ამ პარტნიორობის მიერ შეთავაზებული პერსპექტივების მაქსიმალურად გამოყენება, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან და გააჩენს ახალ ევროპულ შესაძლებლობებს. პირველ რიგში, ევროპა გულისხმობს მდგრად დემოკრატიას, სამართლიან სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ურყევ გარანტიებს და რეალურად ჯანსაღ და სანდო საინვესტიციო გარემოს. საქართველო იღებს ვალდებულებას, ყველა სფეროში, ყველა დარგში, ყველა მიმართულებით გახდეს ევროპული ქვეყანა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა  იოჰანეს ჰანმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ევროკომისარის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია ევროინტეგრაციის გზაზე და მიაღწია წარმატებას ვიზალიბერალიზაციის პროცესში.

"საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგი. ევროკომისია მხარში ედგა საქართველოს ამ პროცესში. ისინი ერთად მართავდნენ ამ გემს ევროპარლამენტისა და საბჭოს დინებაში. ამ პროცესში ქარიშხალი ნაკლებად იყო, თუმცა საკმარისად იყო მღელვარება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ წარმატებით შევიყვანეთ ჩვენი გემი წყნარ ნავთსაყუდელში,"-განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარის განმარტებით, დაგეგმილია ასოცირების დღის წესრიგის განახლება, რომლის მიხედვით წარიმართება მომავალი თანამშრომლობა.  სიტყვით გამოსვლისას იოჰანეს ჰანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისში ევროპული სკოლის დაარსების მნიშვნელობას. მისი თქმით, სკოლა 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

"უნდა ვახსენო ჩვენი ერთობლივი პროექტი, რომლის შესახებ მე და პრემიერ-მინისტრმა დღეს გავაკეთეთ განცხადებები. ლაპარაკია ევროპული სკოლის შესახებ, რომელიც გაიხსნება თბილისში. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირადად ჩემთვის. მისი მიზანია განათლებისა და ადამიანის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა მაღალი დონის განათლების მიწოდების გზით სტუდენტებისთვის საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან. ევროპული სკოლა პოპულარიზაციას გაუწევს ევროპულ ღირებულებებს, ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას რეგიონში. ეს სკოლა უახლოეს მომავალში გაიხსნება, რათა მისმა სტუდენტებმა ახალ საფეხურზე აიყვანონ ევროკავშირის 60-წლიანი ისტორია და საქართველო-ევროკავშირის 20-წლიანი ურთიერთობები. ეს არის ჩვენი მიზანმიმართულების გამოხატვის საუკეთესო გზა. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ მისი გახსნა 2018 წლის შემოდგომაზე. ჩემი საბოლოო მიზანია არა მხოლოდ ევროპული სკოლის გახსნა, არამედ ევროპული სტუდენტური ქალაქის დაარსებაც, რომელიც თავს მოუყრის ყველა შესაბამის დაწესებულებას, დაწყებული საბავშვო ბაღით და დამთავრებული უნივერსიტეტით. კიდევ ერთი დეტალი: ეს ევროპული სკოლა თბილისში იქნება ამ ტიპის პირველი პროექტი მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ, საქართველოში ამ პროექტის წარმატებით განხორციელება შედეგად მოიტანს მსგავსი წამოწყებების განსახორციელებლად ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო, მისი წარმატებების გათვალისწინებით, საუკეთესო ადგილია ასეთი საპილოტე პროექტის განსახორციელებლად,"-აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური