საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შოვში ინვესტორი თანამედროვე გამაჯანსაღებელ ცენტრს ააშენებს
2017-05-05
კურორტ შოვში, ყაზახური ინვესტიციით, თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ კომპანია „ევრაზია ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა ტიმირზან მეირამბეკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. ამჟამად, კომპანიის საკუთრებაშია კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი „პანსიონატი მამისონი", რომლის რეკონსტრუქცია თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის პროექტის ნაწილია. პრემიერ-მინისტრმა ყაზახ ინვესტორს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტის ნაწილში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონებთან წვდომის გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|