საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის ერთობლივი განცხადებები
2017-05-05 საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, რომელიც კიდევ სხვა მრავალი წარმატების საწინდარი გახდება მომავალში. ევროკომისრის ვიზიტიც სწორედ იმ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და შეჯერებას ემსახურება, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან. შეხვედრისას ევროკომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებას. პირველ რიგში, ჩვენი საერთო მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ეს ინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შეთანხმება ქმნის ეკონომიკური ზრდისთვის სრულიად განსხვავებულ, უკეთეს პირობებს და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას ემსახურება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ამით, სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას. მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ევროკავშირში მობილობის კუთხით - სულ უფრო მეტი სტუდენტი-ახალგაზრდა, პროფესორ-მასწავლებელი იყენებს ევროკავშირის საგანმანათლებლო, ახალგაზრდული თუ კულტურული პროგრამებით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს. ევროპული სკოლა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა ქვეყნების ახალგაზრდებისთვისაც იქნება ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელი", - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარს, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, იმ პირადი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა და შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პროცესში; ასევე - მთელ მის გუნდს იმ ყოველდღიური ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს უწევენ. საქართველოსადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განსაკუთრებულ ხასიათს და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის საქართველომ ძალ-ღონე არ დაიშურა; ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის ჩართულობას. „რა არის ევროპული სკოლა? რა იდეა დგას მის მიღმა? ეს იქნება ასეთი ტიპის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი მიზანი იქნება მრავალენოვნების დამკვიდრება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ და მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ უამრავი ენა გვაქვს. ევროპაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია რამდენიმე მათგანის ცოდნა მაინც. ამასთან, არსებობს უამრავი კულტურა, მრავალფეროვანი ისტორია და აუცილებელია, მეტი ცოდნის მიღება ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ეს სკოლა. ამ ტიპის დაწესებულებისათვის საპილოტე ქვეყნად საქართველო შევარჩიეთ და მოხარული ვარ, რომ ეს იდეა აქ ასე აიტაცეს. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა სრულად შეესაბამება თქვენს გეგმებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გამყარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროკომისარმა და აღნიშნა, რომ ამ გზით, საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ნიჭიერ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისწავლონ ევროპული კულტურა, ენები, აითვისონ შესაბამისი უნარები და ხელს შეუწყობს მათ, ადვილად განაგრძონ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში.
„მოდით, დავიწყოთ ჩვენი ევროპული პროექტი აქ, ამ ქვეყანაში, როგორც ნიშანი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ხანგრძლივი ერთგულებისა", - განაცხადა ევროკომისარმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|