საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან
2017-05-05 თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებს, რომლის მიზანიც არის ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემო, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება, პროფესიული კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა, ანგარიშვალდებული მმართველობა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას- "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი"( Technical Cooperation Facility - TCF). შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. შეთანხმების მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.
|