საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლისაა
2017-05-01 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლისაა. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა კონსერვატორიის პროფესორებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მუსიკოსებს, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ქართულ სამუსიკო ხელოვნებას და მსოფლიოს აცნობენ საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანას. „ამ 100 წლის განმავლობაში თბილისის კონსერვატორია არასოდეს ყოფილა უბრალოდ სამუსიკო განათლების ცენტრი, ის ყოველთვის იყო საერთაშორისო მასშტაბის კულტურული და საგანმანათლებლო კერა. ამ პერიოდის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ ბევრი გამოჩენილი მუსიკოსი აღუზარდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს არის ლოგიკური გამოხატულება იმ უმაღლესი რანგის პროფესიონალიზმის, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ამ საგანმანათლებლო კერას. მინდა, ყველა პედაგოგს, პროფესორს, რომლებსაც ამ კედლებში უმოღვაწიათ და დღესაც შრომობენ, გადავუხადო უდიდესი მადლობა,"-განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|