საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან
2017-03-27 უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის პოტენციალის გამოყენება იყო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტებია, ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერება; დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოება; სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების გააქტიურება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი სამი სახელმწიფო - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან და უნდა მოხდეს სუამ-ის ინტეგრაცია ევროკავშირთან. მხარეებმა ასევე ისაუბრეს "აბრეშუმის გზის" სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ინიციატივაში - "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ყურადღება ასევე დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ", - მიმართა პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|