საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე
2017-03-27 ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. "დღეს, გლობალური და რეგიონალური გამოწვევები გვავალდებულებს, განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთქმედება სუამ-ის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სარბიელზე. ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და ერთობლივ გამოწვევას სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის. გადაუჭრელი კონფლიქტები სუამ-ის რეგიონში კვლავ აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, სუამ-ის ხმა უნდა ჟღერდეს რაც შეიძლება ხმამაღლა. ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ სუამ-ის პოტენციალი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქციის მიღწევის მიზნით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. "გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევიძინეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება სუამ-ის ფარგლებში ერთობლივი და ურთიერთმომგებიანი პროექტების რეალიზაციისას, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სამართალდამცავი საქმიანობა და კიბერუსაფრთხოება. დღეს ჩვენს წინაშე გადაშლილია ფართო შესაძლებლობები და ჩამოყალიბებულია აუცილებელი ინსტიტუციური პოტენციალი, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად და გასაფართოებლად, ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, არა მარტო სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის, არამედ პარტნიორობით დაინტერესებულ ქვეყნებთანაც. დარგობრივი თანამშრომლობის აქტივიზაციისთვის ინიციატივები და წინადადებები ერთობლივი პროექტებისთვის უნდა გენერირდეს სწორედ დარგობრივ სამინისტროებში. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია,ჩატარდეს ორგანიზაციის ყველა სამუშაო ორგანოს რეგულარული სხდომები. ამასთან, ჩვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მაქსიმალური მხარდაჭერა, მტკიცე პოლიტიკური ნებისყოფა და კონკრეტული პოლიტიკური იმპულსი სუამ-ის რეგიონული თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება დოკუმენტების ხელმოწერას, რომლებიც სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციონირების სრულყოფასა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. "ამ მიღწევების მიუხედავად, დაუსრულებელი რჩება შეთანხმების პროცესი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა საქონლის წარმოშობის ქვეყნის თაობაზე. საქართველო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოორდინირებას უწევს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შეთანხმების პროცესს, დაჟინებით მოუწოდებს ყველა ქვეყანას კონსტრუქციულად მიუდგნენ და მიიღონ საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ზემოხსენებული დოკუმენტის სასწრაფოდ ხელმოწერის მიზნით. ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ და გავზარდოთ სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ერთობლივი ძალისხმევის აქტივიზაციას სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კონცეფციის იმპლემენტაციისათვის. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მიღწევა პოზიტიურად აისახება ჩვენი ეკონომიკების განვითარებასა და შემდგომ რეფორმირებაზე და მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც ჩვენი მეწარმეებისათვის, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა სუამ-ის პირველი ბიზნესფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს სამეწარმეო წრეებისა და კერძო კომპანიების დაახლოებას. მისი თქმით, მსგავსი ფორუმების რეგულარულად ჩატარება ურთიერთსასარგებლო პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|