საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2016 წლის 11 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2016-11-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის" 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. „OGP"-ის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს რიგით მესამეა და მასში გაერთიანებულია 24 ვალდებულება, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებლობას 24 უწყება იღებს. გეგმის ერთ-ერთი სიახლეა მუნიციპალიტეტების ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების ჩართვის გადაწყვეტილება სამოქმედო გეგმაში საჯარო კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული. გაფართოებულია ვალდებულებების თემატიკაც, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კონკურენციის, ენერგეტიკისა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, სასჯელაღსრულებისა და პროკურატურის კომპეტენციებში შემავალ თემებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე." გლობალურ ფონდთან მოლაპარაკებების საფუძველზე მომზადდა „საქართველოში ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის" პროგრამა, რომლის დაფინანსებისთვის გლობალურმა ფონდმა დაამტკიცა 11,925 ათასი აშშ დოლარი. პროგრამა უნდა განხორციელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში.

ტუბერკულოზის ყველა ფორმის დროული და ხარისხიანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, შემცირდება დაავადების გავრცელება და სიკვდილის შემთხვევები, ასევე მოახდენს წამლისადმი რეზისტენტობის შემდგომი განვითარების პრევენციას.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე მოიწონა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ზოგიერთი მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ." პროექტის მიღების შემდეგ, წარმოდგენილი განკარგულების დანართით გათვალისწინებულ 23 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური