საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2016 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2016-10-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, თბილისში, კიდევ  68 დევნილ ოჯახს  საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში  უსასყიდლოდ გადაეცემა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. სამინისტრომ გაააქტიურა კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა,  რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ და თბილისში, 721 დევნილი ოჯახისთვის, კერძო მესაკუთრეებისაგან უკვე გამოსყიდულია 18 ობიექტი. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 13 054 დევნილ ოჯახს  გადაეცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი  შემოვლითი გზის პროექტირება და მშენებლობა იწყება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - შპს „Company Black Sea Group" და შპს „Vahagn & Samvel"-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი", მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მოიწონა.

გზის პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდება და ის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს. პროექტის ღირებულება 38 000 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

საქართველოს მთავრობამ, დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა ,,საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი," რომელიც ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დოკუმენტი სახელმწიფო და კერძო უწყებების, ამ სფეროში მომუშავე ასოციაციებისა და ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებით დაინტერესებული ადამიანების ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო მარშრუტების დაპროექტება და მონიშვნა გეგმაზომიერად, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით განხორციელდება. რეგლამენტი, რომელიც სალაშქრო ტურიზმის სფეროში მოწინავე ქვეყნების - შვეიცარიის, საფრანგეთისა და პოლონეთის გამოცდილებასა და სტანდარტებს ეფუძნება, ასევე დაარეგულირებს საქართველოში საფეხმავლო მარშრუტების შინაარსობრივ შეფასებას, სირთულის კატეგორიების განსაზღვრასა და  ინფრასტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური