საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

30 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელს ეწვია

2016-12-02

1   2

3   4

მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართა. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უძღვებოდა. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და სათანადოდ ორგანიზებული, დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, როგორც ეს აღნიშნულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წინასწარ ანგარიშში. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ახალ მთავრობასთან ევროკავშირი-საქართველოს საერთო ორმხრივი დღის წესრიგის გატარებაში. ასოცირების საბჭოზე აღინიშნა საქართველოს 2016 წლის ასოცირების განხორციელების შესახებ ანგარიშის მნიშვნელობა, რომელიც დადებითად აფასებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ევროპულ არჩევანს და საერთო მიზანს, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის გაგრძელებას.

ასოცირების საბჭოს ერთ-ერთი წამყვანი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იყო, რომელსაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ხაზი გაესვა გადაწყვეტილების მიღების პროცესის სწრაფად დასრულების აუცილებლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის კონკრეტული გზები, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციას.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მხარეებმა სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს. ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და სხვებთან ერთად, თავადაც მოუთმენლად ელოდება საბჭოსა და ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას, რითიც დასრულდება ეს პროცესი და ქართველ ხალხს მიეცემა უვიზო მიმოსვლის საშუალება. "პრემიერ-მინისტრი და მე ვმუშაობთ ამ საკითხზე ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან. საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია. საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პროცედურის დასრულებას. ეს არ ეხება პოლიტიკურ ნებას ან საქართველოს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დასრულებას ევროკავშირში," - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები, 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი - აღნიშნული თემების განსახილველად საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად დელეგაციის გამოგზავნისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის გადამწყვეტი რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. 

საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ევროპული საბჭოს სათაო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია. დონალდ ტუსკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, რაც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც, მხარეთა შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში, მათ შორის: დემოკრატიის კონსოლიდაციისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ახლო მომავალში ამოქმედდება. 

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ევროკომისარმა გიორგი კვირიკაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობას და მომავალი წლების სამოქმედო გეგმას. ყურადღება გამახვილდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და აღინიშნა, რომ საქართველო რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის პირველ ინსტიტუციურ შეხვედრას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. გამოითქვა იმედი, რომ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი გახდება შემდგომი რეფორმების კონკრეტული გზამკვლევი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელი, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, უაღრესად დინამიური და ნაყოფიერი იყო: ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა; ვარშავაში, პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, გაიმართა NGC-ის შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში და მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე; თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო; გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და წლის განმავლობაში მიღწეულ იქნა ხელშესახები პროგრესი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში.

გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვეს ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და ზოგადად სტაბილურობას რეგიონში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს და ალიანსს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ნატოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი