საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში
2016-09-05 5 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. პრემიერ-მინისტრებმა გამოხატეს სრული მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა ეკონომიკის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს. ხაზი გაესვა ქართულ სომხური მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარების მნიშვნელობას. გაფართოებულ შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ხოლო სომხური მხრიდან ვიცე-პრემიერი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი, ენერგეტიკის მინისტრი ლევონ ეოლიანი და ტრანსპორტის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი დაესწრნენ. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომუნიკაციები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეკონომიკური პროექტების სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის რეგიონალურ უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|