საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ახალი საბაგიროს გახსნა გუდაურში
2016-12-23 გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr"-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია. საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკვე დასრულებულია გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა კანადურ კომპანია "ეკოსაინთან" ერთად, რაც იძლევა საშუალებას, რომ კურორტი გეგმაზომიერად და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისად განვითარდეს. "ჩვენ დღეს აქ ამოვედით, რომ გავხსნათ მსოფლიოში წამყვანი კომპანია "Doppelmayr"-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას კურორტ გუდაურში. ჩვენ დავასრულეთ კანადურ კომპანია "ეკოსაინთან" ერთად გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა და დღეიდან მოყოლებული ქაოსური განვითარება აღარ იქნება ამ კურორტზე და იქნება გეგმაზომიერი, თანამედროვე და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი განვითარება. ეს მოითხოვს გარკვეულ რეგულაციებს ამ განვითარების დროს, მაგრამ ეს იქნება იმისათვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი ნახოს თითოეულმა სასტუმრომ, რომელიც აქ არსებობს, საოჯახო და დიდმა სასტუმროებმა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის ინფორმაციით, გუდაურში 2018 წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება, რაც დღემდე პრობლემაა. "გუდაურში ყოველთვის წყალმომარაგების პრობლემა იყო. წელს, წყალმომარაგების პირველი ეტაპი დასრულდა. 2018 წელს კი, 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის განვითარების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება "დიდი მომავლის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმის საფუძველი". " არ არის მარტივი პერიოდი, ხედავთ, რომ რაღაც პერიოდის გადატანა გვიწევს, მაგრამ ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, იქნება ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით," - აღნიშნა პრემიერმა. საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. საპატიო ჯილდო გადაეცათ იმ პირებს, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|