საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
2016-12-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება. „2017 წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილეს. ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებებისა, როგორც საქართველოში, ასევე - იაპონიაში. დარწმუნებული ვარ, 2017 წელს ჩვენ განვახორციელებთ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში. მომავალი წელი განსაკუთრებული უნდა გახდეს ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტოშიო კაიტანის, რომელსაც, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, აქტიური წვლილი შეაქვს ორი მეგობარი ერის უფრო მეტად დაახლოების პროცესში. „იაპონია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აზიისა და ოკეანეთის მხრიდან. გვინდა, მოგილოცოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ახალი მთავრობისა და პარლამენტის ფორმირება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ურთიერთობები პროგრესირებს ევროკავშირთან, განსაკუთრებით სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში, ნატოსთან და სხვა ქვეყნებთან", - განაცხადა იაპონიის ელჩმა. დიპლომატმა, იაპონიის იმპერატორის სახელით, საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და ორი ქვეყნის მეგობრობის გაძლიერება უსურვა. სადღესასწაულო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|