საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
EIB საქართველოს 450 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოუყოფს
2016-12-09 ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავუორის შეხვედრისას აღინიშნა. პრემიერის განცხადებით, EIB-ის მიერ გამოყოფილ დაფინანსებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იქიდან გამომდინარეც, რომ სივრცითი მოწყობა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. დაფინანსების უდიდეს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|