საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან
2016-12-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთან სტრატეგიული თანამშრომლობა სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული თუ სხვა მიმართულებებით, უაღრესად მნიშვნელოვანია. გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც მოწმობს ბრიტანული კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის, რაც მისი თქმით, ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს პარტნიორი და მჭიდრო თანამშრომლობის მხარდამჭერია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|