საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მსოფლიო ბანკის ანგარიში „Doing Business 2017“

2016-10-27

მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 10 ტოპ-რეფორმატორთა სიაში და რეგიონის ლიდერ ქვეყანად დაასახელა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის "Doing Business 2017"-ის მონაცემებს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რაც არის მთელი სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს. ამ ორმა სამინისტრომ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ინვესტორისთვის ეს რეიტინგი და ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ამ ინფორმაციის კომუნიკაცია ყველა შესაძლო ინვესტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება არის იოლი, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს უმაღლეს პრინციპად საკუთრების დაცვა," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის 5 ინდიკატორი, რამაც განაპირობა საქართველოს წამყვან პოზიციებზე ყოფნა არის: ქონების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, ბიზნესის დაწყება და მშენებლობის ნებართვა.

„ეს ის პუნქტებია, რომლებშიც საგრძნობლად წავიწიეთ წინ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით საკუთრების დაცვის მიმართულებით," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური