საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ქარის პირველი ელექტროსადგური გაიხსნა
2016-10-06 საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. ელექტროსადგურ "ქართლის" გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, კახა კალაძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა აღნიშნული პროექტი. ელექტროსადგურ "ქართლის" პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და `საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის" შვილობილმა კომპანიამ შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა" განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|