საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება იწყება
2016-10-03 საქართველოს მომავლის პროექტის განხორციელება იწყება - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა. ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. საუკუნის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ანაკლიის ნავსადგური და მის უპირატესობებზე ისაუბრა. "ეს საქართველოს მომავლის პროექტია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ მასშტაბის სასიკეთო ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში" - აღნიშნა პრემიერმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვის შედეგად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაიმარჯვა. პროექტის განსახორციელებლად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ეტაპობრივად დაიწყებს. პროექტის პირველივე ფაზაში კომპანია 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. "ამ დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო წამყვანი იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური კონსულტანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი დეტალურად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, პორტის მშენებლობასთან და ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაწერილია ყველა პუნქტი პროექტის უმაღლეს დონეზე განსახორციელებლად - გენერალური გეგმიდან დაწყებული, დამთავრებული დაზღვევითა თუ მარეგულირებელი სამართლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრენინგ ცენტრს" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში. დადგენილია იმ ტრენინგების ნუსხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი შეღავათი და სტიმული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ რეგიონში მცხოვრებლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. "დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს ამ პროექტს, რადგან ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წყარო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ანაკლიის პროექტით ჩვენ ვაჩენთ სრულიად რეალისტურ იმედს მოსახლეობაში. ამ პროექტის საშუალებით, თანდათანობით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სამუშაო და ბევრი ოჯახი ამოისუნთქებს. მინდა აღვნიშნო ხელშეკრულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე - ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს, მთელს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა პრემიერმა. "ასეთი პროექტების განხორციელების ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ანაკლიის პროექტი არის ინვესტიცია, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი ეკონომიკის შეუქცევად წინსვლას და რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელოვნად გაზრდას. მჯერა, რომ ამ პროექტით ჩვენ პრინციპულად შევცვლით რეალობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|